ომბუდსმენი: კრისტალბეთის რეკლამა ამკვიდრებს აზრს, რომ ქალი სექსს მარტივად თანხმდება

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ  “კრისტალბეთის” სარეკლამო პოსტერი „სლოტები რომელიც იძლევა“, რომელზეც ასევე გამოსახულია ქალი, სექსისტური შინაარსისაა და საზოგადოებაში ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ ქალი სექსუალურ კავშირზე მარტივად თანხმდება.

“სახალხო დამცველი განმეორებით აღნიშნავს, რომ ბიზნესსექტორს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს თანასწორობის პრინციპის დაცვას. პროდუქტის გაყიდვის მიზნით გამოყენებულ სექსისტურ ან სხვა სახის დისკრიმინაციულ რეკლამას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე, რამდენადაც რეკლამის მიზანია მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენა და ამ გზით მისი დარწმუნება, შეიძინოს პროდუქტი. როდესაც მიზნის მიღწევის საშუალებად კომპანია დისკრიმინაციულ რეკლამას ირჩევს, ის ხელს უწყობს რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ მცდარი სტერეოტიპების დამკვიდრებას და გაძლიერებას”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში 

სახალხო დამცველი “კრისტალბეთს” მოუწოდებს, შეცვალოს სარეკლამო პოსტერი იმგვარად, რომ ის არ ახალისებდეს ქალთა ან სხვა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციას და მომავალში სამეწარმეო საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com