ახალი ამბები

გახარია: ნარკორეალიზაციის ნაწილში დანაშაულის გამკაცრებას მოვითხოვთ

17 იანვარი, 2018 • 1965
გახარია: ნარკორეალიზაციის ნაწილში დანაშაულის გამკაცრებას მოვითხოვთ

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შეიქმნა გარკვეული სტატუს-კვო, რომლის მიხედვითაც, საზოგადოების ზოგიერთ წევრს ჰქონია, რომ მარიხუანის მოხმარება დასაშვებია, თუმცა ეს ასე არ არის.

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეგვექმნა გარკვეული სტატუს-კვო. ჩვენ, შსს ვთვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ნარკოპოლიტიკის მხრივ არის იმ გადაწყვეტილებებისთვის შემდგომი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება და საზოგადოების ზოგიერთ წევრს ჰგონია, რომ მარიხუანის მოხმარება არის დაშვებული, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ ეს მიმართულება აუცილებლად არის მოსაწესრიგებელი და უნდა შეიქმნას ისეთი ჩარჩო, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ არ მოხდეს წახალისება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა” – განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს, 17 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი წესით აღარავინ დაისჯება. მარიხუანის მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 2015 წელს გაუქმდა ბექა წიქარიშვილის გახმაურებულ საქმის შემდეგ, თუმცა აქამდე ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 60 გრამამდე გამომშრალ მარიხუანას ეხებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაში მარიხუანის ოდენობა ნახსენები აღარ არის.

როგორც გახარიამ განმარტა, ქვეყნის ნარკოპოლიტიკის მთავარი ამოცანა ახალი მომხმარებლების რაოდენობის შემცირებაა. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აუცილებელია შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მოქალაქეებს შეცდომაში არ შეიყვანს.

” პირველი – მოგეხსენებათ, რომ ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა გახდეს ახალი მომხმარებლების არგაჩენა საზოგადოებაში და მომხმარებლების რეაბილიტაცია. მეორე მხრივ, ჩვენ, როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება მოვითხოვთ ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში დანაშაულის გამკაცრებას, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ისეთი კომპონენტები, როგორიც არის სასჯელის ვადები ან შემოწმების ფორმები, ეს ყველაფერი გადახედვადია და აქ ჰუმანურობის კორიდორი გვაქვს და გვაქვს საშუალება, ჩვენი კანონმდებლობა უფრო პროგრესული გავხადოთ”.- ამბობს გახარია.

მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების დროში გაჭიმვამ სახელმწიფოს უკურეაქცია მისცა. სწორედ ამიტომ,  იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სთხოვს, რაც შეიძლება მალე მოიწვიოს უწყებათაშორისი კომისია.

“ჩვენ უწყებაში აშკარად ვხედავთ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების დროში გაჭიმვა უკვე უკურეაქციას გვაძლევს. ამიტომ ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, უნდა ვიმსჯელოთ ბევრი და ეს უნდა იყოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, მაგრამ უკვე წლების განმავლობაში მსჯელობას მოაქვს გაუთვალისწინებელი შედეგი. ამიტომ მინდა თეა წულუკიანს ვთხოვო, არსებობდა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ეფექტურად მუშაობდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რატომღაც მისი აქტიურობა შენელდა და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც პროგრესის მიღწევა შეიძლება. ამიტომ მინდა ვთხოვო მას, რომ ეს კომისია რაც შეიძლება მალე მოიწვიოს, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელზეც შესაძლებელი იქნება შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილების მიღება” – განმარტა გიორგი გახარიამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 11 იანვრარს განცხადება გაავრცელა, სადაც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვა, ვინაიდან მასში რიგი საკითხები გათვალისწინებული არ არის. განცხადების საპასუხოდ კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი