ახალი ამბები

მარეკ დუდაევი არცევში მოკლეს – სპუტნიკი

16 იანვარი, 2018 • 3910
მარეკ დუდაევი არცევში მოკლეს – სპუტნიკი

სპუტნიკის ინფორმაციით, სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. ამავე წყაროს მიხედვით, დუდაევს სამჯერ ესროლეს. მკვლელი დაკავებული არ არის.

მარეკ დუდაევი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა 2005 წელს, 2013-ში გათავისუფლდა.

მარეკ დუდაევი

ცხინვალში მცხოვრები მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წელს დააკავეს, რის შემდეგაც სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში. მისთვის დაკისრებული სასჯელი უცვლელი დატოვა საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციამ. სამართალდამცავების განცხადებითვე, ის ”კრიმინალური ავტორიტეტი” იყო.

 

მარეკ დუდაევი ბრალს არ აღიარებდა და მის დაკავებას ქართული მხარის პროვოკაციად აფასებდა. როგორც civil.ge წერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2005 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ მარეკ დუდაევის ძმა ერიკი, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში მსახურობს, ასევე კრიმინალური ავტორიტეტია და ადამიანთა გატაცებებში, ფულის გამოძალვაში და სხვა კრიმინალურ საქმიანობაშია ჩართული.

მარეკ დუდაევის დაპატიმრებაზე საგამოძიებო ფილმი მისი დაკავების შემდეგ მოამზადა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, სადაც საუბარი იყო მარეკ დუდაევის საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე.

საქმეში არსებულ ხარვეზებზე 2013 წლის თებერვალში ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ჰუმანიტარული მოსაზრებებით ქართულ საპატიმროებში მყოფ ცხინვალელ პატიმრებს, მათ შორის მარეკ დუდაევს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გაუცვლის ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველ ტყვეებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი