ახალი ამბები

ივანიშვილი ჟენევაში სასამართლოზე არ ჩავა და სამედიცინო ცნობას წარადგენს – Le Temps

16 იანვარი, 2018 • 2855
ივანიშვილი ჟენევაში სასამართლოზე არ ჩავა და სამედიცინო ცნობას წარადგენს – Le Temps

საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოთხშაბათს ჟენევაში დაკითხვაზეა დაბარებული, თუმცა ის შვეიცარიაში არ ჩავა და შესაბამის სამედიცინო დასკვნას წარადგენს – ამ ინფორმაციას შვეიცარიული Le Temps ავრცელებს, რომელიც ჟენევაში მიმდინარე სასამართლო დავას აშუქებს.

ამავე გამოცემის ცნობით, საქმეში დაზარალებულად ფიგურანტი რუსი ბიზნესმენების ადვოკატმა ივანიშვილის დაკავების ორდერის გამოცემა მოითხოვა მოსამართლისაგან იმ შემთხვევაში, თუ იგი “მომდევნო კვირაში შვეიცარიაში ჩავა დონალდ ტრამპისთვის ხელის ჩამოსართმევად”, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, ორდერი უკიდურესი ზომაა, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მოსარჩელეს ეხება.

ამ საქმეზე უკვე ორი წელია პატიმრობაშია Credit Suisse Life-ის  ყოფილი თანამშრომელი,  54 წლის  პატრიკ ლესკადრონი. სწორედ მას ედება ბრალი ივანიშვილის  აქტივების არასწორად მართვაში, რის გამოც ქართველმა მილიარდერმა ასეულობით მილიონი დოლარი იზარალა.

ივანიშვილი ფულის არაეფექტურად მართვაში სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life (Bermuda) Ltd –სა და ბანკის ჟენევის სათავო ოფისს ადანაშაულებს.  თუმცა, “ბლუმბერგის” ცნობით, თავად “კრედიტ სუისი” არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ბანკია მომხდარზე პასუხისმგებელი და გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ლესკადრონი მარტო მოქმედებდა, როცა “კონტროლის შიდა წესებს”არღვევდა. ბანკი აცხადებს, რომ 2 წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებისას არ გამოვლენილა, რომ ლესკადრონს კოლეგებიც ეხმარებოდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  ლესკადრონს 10 წლით პატიმრობა ემუქრება. მისი ადვოკატი სიმონ ნთა ამბობს, რომ დაპატიმრების შემდეგ მისი კლიენტი გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

მილიონები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა, ბერმუდისა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოების ჩანაწერების მიხედვით,  ივანიშვილს დაბანდებული ჰქონდა ბერმუდაში, გადასახადისგან გათავისუფლებულ სადაზღვევო პოლისებში, რომლებსაც შპს “კრედიტ სუისს ლაიფ (ბერმუდა)” (Credit Suisse Life (Bermuda) Ltd) განკარგავდა. პოლისები აზღვევდა თავად ბიძინა ივანიშვილის, ეკატერინე ხვედელიძის, გვანცა, ცოტნე და ბერა ივანიშვილების სიცოცხლეს.

2016 წლის 14 ივნისს ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან “კრედიტ სუისისა” და დაკარგული მილიონების თემასაც გამოეხმაურა.

“მე არ დამიკარგავს ეს ფული, ბანკმა დაკარგა. ფული ჩემი ანგარიშიდან გაქრა და ბანკმა ის უკან უნდა დააბრუნოს. მე ეს თემა არ მაშფოთებს, რამეთუ “კრედიტ სუისს” აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ მისმა თანამშრომლმა კანონი დაარღვია, მანვე აგოს პასუხი. … მე ბანკირი ვიყავი და კოლეგიალური გრძნობები მაქვს ბანკის მიმართ. მინდა დელიკატური ვიყო და ჩემი განცხადებებით ბანკი არ დავაზიანო. თუმცა მე შემიძლია სერიოზული ზიანი მივაყენო, თუ ყველაფერზე ვისაუბრებთ.”

თემის შესახებ სრულა შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი