ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ჩემი საქმე N 961705

16 იანვარი, 2018 • 4924
ჩემი საქმე N 961705

ომამდე ცხინვალში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ისიც სკოლის პერიოდში სხვადასხვა სასკოლო კონკურსებისა და ოლიმპიადების დროს. ნათესავები ამ ქალაქში არ მყავს. ახალგორშიც კი ძალიან ცოტა ახლობელი დამრჩა ომის შემდეგ. ჩემს ნათესავებს, რომლებიც ადგილობრივები არ არიან, უწინდებურად თავისუფლად ჩამოსვლა არ შეუძლიათ მხარი რომ დამიჭირონ სასამართლო პროცესებზე და დავდივარ ასე მარტოდ სასამართლოში, პროკურატურაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და დავატარებ დოკუმენტებს, განცხადებებს და ვიცავ ჩემს უფლებებს, რომელსაც ყოველდღე არღვევენ.

ბიბილოვის დუმილი

სამ თვეზე მეტია პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს განცხადებით მივმართე, დაეცვა ჩემი კონსტიტუციური უფლება აზრის თავისუფლად გამოხატვის შესახებ, თუმცა ის დუმს. დუმს ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებზე მისთვის საყვარელ სივრცეშიც – „ფეისბუქში“.

დუმს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი. თუმცა, ვფიქრობ მათზე არაა დამოკიდებული პასუხი არც წერილზე და არც საქმეზე.

ბრალდება

2017 წლის 16 აგვისტოს, ლენინგორის რაიონის პროკურორმა ვიაჩესლავ ტიგიევმა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ოსეთის“  რეგიონული ოფისის თავმჯდომარის, სპარტაკ დრიაევის განცხადების საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე N 961705 აღძრა.

ეს არის ცილისწამების მუხლი. საქმის აღძვრის შემდეგ იმავე დღეს საკუთარი ბინის წინ, ქუჩაში რაიონული პროკურატურის გამომძიებელმა ალან ბიაზროვმა დამაპატიმრა. მან და ზოგადად საქმის დამკვეთებმა დაპატიმრების დროდ ჩემი თბილისიდან დაბრუნება შეარჩიეს.

ამას თავისი ახსნა აქვს, რაც პროკურორის დადგენილებაშიც წერია, რომელიც დაპატიმრებიდან დაახლოებით 1, 5 საათში გამაცნეს:

„წინასაგამოძიებო მოქმედებებისას განმცხადებელმა სპარტაკ დრიაევმა განაცხადა,  რომ “მისთვის ცნობილი გახდა რომ თამარ მეარაყიშვილი არის საქართველოს მოქალაქე და ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქე და ფლობს აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქის პასპორტებს. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კანონდარღვევას, რადგან სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა უარის თქმა საქართველოს მოქალაქეობაზე და აღნიშნულიდან გამომდინარე, მეარაყიშვილმა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა უკანონოდ მიიღო.

ამ მომენტისათვის ეჭვმიტანილმა მოქალაქე მეარაყიშვილმა გადაკვეთა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარი, მას შეიძლება თან ჰქონდეს საქართველოს  მოქალაქის პასპორტი და თუკი მას დაუყოვნებლივ არ დავაპატიმრებთ, შესაძლოა გაანადგუროს აღნიშნული დოკუმენტები, რომლებიც მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენენ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში“, – ამ ნაწილმა ჩემი ადვოკატის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ის ვარაუდობს, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება რესპუბლიკიდან ჩემი გაძევების საშუალებებს ეძებს და ცილისწამების ბრალდება მხოლოდ საბაბია, აღძრულიყო საქმე, რაც პირადი და ბინის ჩხრეკის საშუალებას მისცემდა, რათა რაიმე ხელჩასაჭიდი ეპოვათ.

დაპატიმრებამდე მოქალაქე სპარტაკ დრიაევმა განცხადებით მიმართა რაიონულ პროკურატურას. მის განცხადებას თან ერთვოდა რადიო „ეხო კავკკაზას” ეთერში 27 აპრილს გასული მასალა, სადაც ჩემი მცირე კომენტარი იყო –  საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ როგორ ცხოვრობდა რაიონი, როგორ ინაწილებენ თანამდებობებს არჩევნების შემდეგ.

კომენტარში არ მიხსენებია არცერთი გვარი, მხოლოდ „პარტიელები“ ვახსენე, რაც ადგილობრივი ოფისის თავმჯდომარემ ცილისწამებად მიიჩნია. საქმე კი უკანონოდ აღიძრა, რადგან პოლიტიკური პარტია არ შეიძლება იყოს ცილისწამების ობიექტი, კანონში გარკვევით წერია, რომ ასეთი ობიექტი მხოლოდ ფიზიკური პირი შეიძლება იყოს.

2017 წლის 16 აგვისტოს, გარდა რამდენიმესაათიანი დაკავებისა, პირადი ჩხრეკაც ჩატარდა. რაც კი თან მქონდა- ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდა, ჩამომართვეს როგორც ნივთმტკიცება – მათ შორის პომადა, საქსოვი ძაფები, ქვავბები, ხელჩანთა, თანხა, ბინის გასაღები, საღეჭი რეზინა, ტელეფონები… ჩხრეკა ბინაშიც გაგრძელდა.

დამაკავეს ქალიშვილის თვალწინ, რომელიც ხმაურზე გამოვიდა ბინიდან. მოგვიანებით მან გაიხსენა, როგორ შენიშნა საეჭვოდ მომლოდინე მანქანა ჩვენი ბინის სიახლოვეს დღის განმავლობაში.

ჩემი ქუჩაში დაკავება და მომართვის ტონი დაკავების მომენტში – „ადგილზე ნახავ რა მოგელის“…უფრო სანახაობა იყო პროკურატრისათვის, ეჩვენებინათ, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ, თუმცა ვერ გათვალეს ის, რომ ასეთი სანახაობრივი დაპატიმრება ჩემს მიმართ მეტ ყურადღებას გამოიწვევდა.

კანონის შესაბამისად, საქმის გამოსაძიებლად პროკურატურას 2 წელი აქვს.

საქმის აღძვრა ამ მუხლით აბსურდული და ოსური საზოგადოებისთვისაც არადამაჯერებელი აღმოჩნდა. ბევრი ამას, ჩემზე, როგორც სამოქალაქო აქტივისტზე დევნას უკავშირებს. სხვათაშორის, ასე ფიქრობს პოლიტიკოსების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ამას საჯაროდ არ აცხადებს.

ვიდრე პროკურატურა საქმეს იძიებს, გენერალურ პროკურორს განცხადებით მივმართე, ბათილად ეცნო ყველა ის გამოძიებო სამოქმედება, რაც ამ საქმეს უკავშირდება. მათგან დაუკმაყოფილებლობის შემდეგ იგივე მოთხოვნით უკვე რაიონულ სასამართლოს მივმართე.

როგორ მიმდინარეობს ჩემი სასამართლო პროცესები

სამხრეთ ოსეთში სასამართლოს ორი ინსტანციაა – რაიონული (ქალაქის) და უზენაესი. ამ ეტაპზე ორივე სასამართლო ინსტანცია წავაგე – ორივე ინსტანციამ მიიჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ საქმე სამართლიანად აღიძრა, თუმცა ახსნა, რატომ ფიქრობენ ასე – არცერთმა მათგანმა მომცა.

გადაწყვეტილებას იანვარში გავასაჩივრებ, გამოვიყენებ ბოლო შანსს – უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში, რის შემდეგაც მომიწევს ლოდინი, ვიდრე პროკურატურა დაასრულებს გამოძიებას და საქმეს სასამართლოს გადასცემს.

ვფიქრობ, ისინი მაქსიმალურად გამოიყენებენ დროს, მაგალითად სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა ბიაზროვმა განაცხადა, რომ გადაცემის აუდიო ფაილის გაგაზავნას აპირებენ რუსეთში ლინგვისტურ ექსპერტიზაზე. ასევე, განაცხადა, რომ ახალ – ახალი ბრალდებები იკვეთება რაზეც ჯერ ვერ ისაუბრებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე – ვვარაუდობ, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეც შეიძლება აღძრან.

დრიაევი, ბიაზროვი, გურწიევი (ისიც გამომძიებელია) და ყველა ვინც ფორმალურად ამ პროცესებში მონაწილეობს, უბრალოდ შემსრულებლები არიან ჩემზე ზეწოლის მოსახდენად. ეს აქამდეც ვიცოდი, მაგრამ მათი უსუსურობა ამ საქმეში კარგად გამოიკვეთა ერთადერთხელ, დაკითხვისას, როდესაც ადვოკატს უმარტივეს კითხვებზე ვერ სცემდნენ პასუხს და პასუხამდე „დროს“ ითხოვდნენ – გადიოდნენ ოთახიდან და შემოსვლისას პასუხობდნენ.

სასამართლო პროცესებზე პროკურატურის წარმომადგენლები კანონის ენით არ საუბრობენ, ეს მათთვის უცხოა. საუბრობენ და ცდილობენ დაამტკიცონ ჩემი ბრალეულობა ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „ ეს კარგია, სულ ნეგატივს რომ ხედავ?“, „ის და მურატ გუკემუხოვი [ეხოკავკაზას ჟურნალისტი] რაიონს “აშავებენ“.

მათ ხშირად სასამართლოს წარმომადგენლებიც ეხმარებიან. მაგალითად, ბოლო სასამართლო პროცესზე უზენაეს სასამართლოში, სადაც ჩემი სარჩელი იხილებოდა ლენინგორის პროკურატურის წინააღმდეგ, მოსამართლე კარინა ცხოვრებოვამ მკითხა:

„უჭერთ თუ არა მხარს თქვენს სარჩელს?”  – “დიახ”, ვპასუხობ მე. შემდეგ იგივე კითხვა უკვე ჩემს საქმეზე მომჩივან დრიაევს დაუსვა, რომელმაც ასევე მტკიცედ უპასუხა რომ “მხარს უჭერს” ჩემ მიერ შეტანილ სარჩელს, და ავიწყდება, რომ სწორედ მას უნდა, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დამსაჯონ. ამ ფაქტს სასამართლოში ხმადაბალი სიცილი, მოსამართლეების გაკვირვებული სახეები და კარნახით „შესწორებული“ პასუხი “არა, არ ვუჭერ მეარაყიშვილის სარჩელს მხარს” მოჰყვა.

სასამართლოები საკმაოდ დატვირთვით მუშაობს სამხრეთ ოსეთში. მიმართვიანობა არის, თუმცა ჩემი დაკვირვებით, ძირითადად, ადმინისტრაციულ დარღვევებს შეეხება. მსგავსი პროცესი, რომელიც ჩემს მიმართ არსებობს, უნიკალურია.

სასამართლო პროცესები სამხრეთ ოსეთში, ძირითადად, ღიაა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. არსებობს „ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“ პროცესები, რომლებიც დახურულია.

ჩემი სასამართლო პროცესი ღიაა, თუმცა ნებისმიერ მსურველს შემოსვლის უფლებას მანდატურები არ აძლევენ და თუკი მაინც მოხდა, რომ მსურველი სასამართლოს შენობაში აღმოჩნდა, მოსამართლე ამბობს უარს „უცხო ადამიანი” პროცესს დაესწროს. სწორედ ასეთი პასუხი მიიღეს ჩემს სასამართლოზე დასწრების მსურველებმა.

სასამართლო პროცესები, იქიდან გამომდინარე, რომ ძლიერი ადვოკატი მყავს, რამდენიმე საათი გრძელდება, ადვოკატი მაქსიმალურად ბევრ კითხვას სვამს და ასევე ბევრს უხსნის როგორც პროკურორს – რომელსაც, თურმე, როგორც მოქალაქეს „ყელში ამოუვიდა“ ჩემი აქტიურობა და ასევე, მომჩივან სპარკატ დრიაევს – რომელიც ამტკიცებს, რომ გადაცემა, რომელსაც ასეთი აურზაური მოჰყვა, ის და მისი თანაპარტიელები საკმაოდ დააზარალა.  

“მეარაყიშვილის ცილისწამების გამო არაერთხელ მომიწია ავადმყოფობა, რის შემდეგაც გავდიოდი ხანგრძლივ მკურნალობას და ამიტომ ის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს“, – ამბობს სასამართლო პროცესზე მომჩივანი სპარტაკ დრიაევი.

ჩემს კითხვაზე,  “გთხოვთ დააკონკრეტოთ როდის და სად გადიოდით მკურნალობას?” პასუხი ასეთია: ერთხელ არჩევნებამდე, მეორედ სექტემბერში.

“კი, მაგრამ გადაცემა ეთერში არჩევნების შემდეგ გავიდა, ანუ წინმსწრებად გახდით ავად?”

აქამდე რას ვაკეთებდი

16 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ახალგორის მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლს“, სადაც ამ თანამდებობაზე 21 წლის ასაკში დავინიშნე. ამ პერიოდში არ მქონია არცერთი საყვედური ან თუნდაც სიტყვიერი უკმაყოფილება ხელმძღვანელობის მხრიდან. პირველი უთანხმოება 2009 წელს მოხდა, როცა საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას არ დავთანხმდი, დამეტოვებინა ახალგორი, სამსახური და წეროვანის დევნილთა დასახლებაში წავსულიყავი.

იყო მანიპულაციები ხელფასის შეწყვეტით. ჩემს მორიგ უარს კი უკვე სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა. ამავე სამსახურში რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ დავბრუნდი. მეორედ 2010 წელს დამითხოვეს – იგივე ფორმალური და არაფორმალური მიზეზებით.

2011 წელს, თერთმეტთვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ აღდგენაზე უარი მითხრეს.

შემდეგ ოსებმა გამათავისუფლეს 2014 წელს, მანამდე კი არაერთხელ გამაფრთხილეს, ისევე როგორც ქართველებმა – “მოსწავლეთა სახლის დირექტორს რა უფლება აქვს გააკრიტიკოს ხელისუფლება?

გათავისუფლების მომენტში 2014 წელს ჩემი ხელფასი 1. 300 ლარს შეადგენდა.

დევნილის სტატუსი

არაა საიდუმლო, ადგილობრივების დაახლოებით 99% -ს, ვისაც თბილისში გადაადგილება შეუძლია – დევნილის სტატუსი აქვს. მეც შემეძლო და დღესაც შემიძლია მისი მიღება, მხოლოდ ერთი განცხადება და ფორმალური გასაუბრებაა ამისათვის საჭირო. დევნილის სტატუსს რა პრივილეგია გააჩნია გარდა ყოველთვიური 45 ლარიანი დახმარებისა, არც ვიცი, თუმცა იყო პერიოდი აღნიშნული თანხა რომ მქონოდა ყოველთვიურ შემოსავლად, უმდიდრეს ადამიანად ჩავთვლიდი თავს , თუმცა ეს არ გამიკეთებია და არც ვაპირებ, რაკი აქ ვცხოვრობ. ამას კი ვაკეთებ იმისათვის, რომ მინდა მეგობრობა ოსებთან, მათთვის მისაღებ და თანასწორ პირობებში და პირველი, რასაც სულ ვუსვამ ხაზს, მინდა საქართვლოს ხელისუფლებამ „მოიფიქროს“ სხვა რამ ჩემნაირი ადამიანებისათვის და საპირწონედ მხოლოდ დევნილობა – ფორმალური ან არაფორმალური არ დააყენოს. ვიცი არარეალურია ასეთი მოლოდინი, მაგრამ მაინც.

მასალების გადაბეჭდვის წესი