ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საკომენდანტო საათი აფხაზი მოზარდებისთვის

16 იანვარი, 2018 • 3361
საკომენდანტო საათი აფხაზი მოზარდებისთვის

აფხაზმა დეპუტატმა ალხაზ ჯინჯოლიამ, რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე არასრულწლოვნებისთვის ე.წ. საკომენდანტო საათის შემოღების კანონპროექტი წარადგინა. თუმცა 23:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინიციატივა აფხაზეთის გენერალურ პროკურატურას ეკუთვნის.

აფხაზეთის გენერალური პროკურორის, არასრულწლოვნების მიმართ კანონის აღსრულების საკითხებში უფროსი თანაშემწის ლარისა წულუკიას განცხადებით, “ჩვენს რესპუბლიკაში ახალგაზრდები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ”, ვინაიდან, როგორც სამართალდამცველი ამბობს, ახალგაზრდები განსაკუთრებით ექცევიან კრიმინალურ გავლენების ქვეშ.

ამის თავიდან ასაცილებლად, როგორც გენერალური პროკურორის თანაშემწე აცხადებს, უფროსების გარეშე არასრულწლოვანი მოქალაქეების სახლის ფარგლებს გარეთ ყოფნის შეზღუდვის დაწესებაა საჭირო.

“როგორც პრაქტიკა აჩვენებს [ამის გადასარევი მაგალითი გვაქვს რუსეთის კრასნოდარის მხარეში]. ეს ზომა არა მხოლოდ დაიცავს ბავშვებს,არამედ მოზარდთა დანაშაულის მაჩვენებელსაც შეამცირებს”, – ამბობს ლარისა წულუკია.

კანონპროექტის ავტორები პარლამენტს სთავაზობენ, 2018 წლის 1 აპრილიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით მოზარდებს შეუზღუდონ 23:00 საათზე გვიან სახლიდან გასვლა. შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში კი გარეთ ყოფნის დრო 22:00-მდე შემცირდება.

რეგლამენტის დარღვევისთვის, კანონპროექტის შესაბამისად, ჯარიმაა გათვალისწინებული. ჯარიმას კი როგორც მშობლები, ასევე იმ გასართობი დაწესებულებების მფლობელები გადაიხდიან, სადაც შეზღუდვის დროს მოზარდებს შენიშნავენ.

“მოზარდებს, რომლებსაც შეზღუდვის საათებში ქუჩაში ან რესტორანში შენიშნავენ, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანენ და გაესაუბრებიან. ამ დროს კი მშობლებს დაიბარებენ და დააჯარიმებენ”, – გვიყვება ალინა ხუდიაკოვა, სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს არასრულწლოვანთა საქმეების განყოფილების უფროსი.

კითხვაზე, არსებობს თუ არა თანამშრომლებისა და პოლიციის მანქანების შესაბამისი რაოდენობა, რომლებიც ღამის საათებში უნდა პატრულირებდნენ ქალაქის ქუჩებში მოზარდების გადაადგილების აღსაკვეთად, პასუხი არავის აქვს.

სოხუმი, 2016; ფოტო: ნეტგაზეთი

ასევე, კითხვაზე იმის შესახებ, იქნება თუ არა განყოფილებაში სპეციალური ოთახები მოზარდებთან სასაუბროდ, პასუხი ასევე არ არსებობს. არც ჯარიმების ოდენობის შესახებ არიან კანონპროექტის ინიციატორები ჩამოყალიბებული.

რაც შეეხება იმას, თუ რას ფიქრობენ კანონპროექტზე თავად მოქალაქეები, აზრები გაიყო. ზოგიერთი გამოკითხული ფიქრობს, რომ შვილებზე მხოლოდ მშობლებმა უნდა იზრუნონ და სახელმწიფო ამ საკითხში არ უნდა ჩაერიოს.

“ეს არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ გადაიბაროს. მშობლები კი ამასობაში სულ გაგვითავხედნენ, მე მოსწავლის დედა ვარ და ვიცი, რა პრეტენზიებით მოდიან სკოლაში მშობლები, რომ აი, თურმე მხოლოდ მასწავლებლები არიან დამნაშავე იმაში, რომ მათი შვილები არ სწავლობენ, რომ არ დააინტერესეს საგანი. თავად კი არაფერს აკეთებენ, არ ავალდებულებენ სწავლას. ახლა უკვე მილიცია აიძულებს მშობლებს, არ გამოუშვან ქუჩაში ბავშვები. ვფიქრობ, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის გარეშე ქვეყანას ვერ ავაშენებთ”, – ამბობს ინესა, ორი შვილის დედა.

ყველა გამოკითხული არ ეთანხმება ინესას აზრს. არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობენ, რომ საკომენდანტო საათი მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულის რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს.

“როგორც წესი, ბინებში და სახლებში ქურდობის მიზნით მოზარდები შედიან. ზაფხულში დამსვენებლები მყავს ხოლმე და ჯერ არცერთი წელი არ მახსოვს, რომ არ შესულიყვნენ მათთან და არ გაექურდათ ისინი. ბიჭებს ყველაფერი მიაქვთ თან, რაც ცხვირწინ უდევთ, ხშირად ჩანთებს იპარავენ საბუთებით. მერე კი ტურისტები თავს იმტვრევენ, როგორ დაბრუნდნენ უკან. დავრბივარ მათთან ერთად მილიციის და საკონსულოს კაბინეტებში. თუ ამ ქურდ ბავშვებს რეიდის დროს დააკავებენ, ჩემთვისაც და ტურისტებისთვისაც კარგი იქნება”, – ამბობს ალიასი.

საკომენდანტო საათის შემოღების იდეით არც თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი თანამშრომელია აღფრთოვანებული.

შსს-ში მომუშავე ჩემი წყარო ვარაუდობს, რომ კანონს არ მიიღებენ, და თუ მიიღებენ, ის არ იმუშავებს.

“არავის უნდა, ღამ-ღამობით ბავშვებს სდიოს. ოპერებს საკუთარი საქმეც საკმარისად აქვთ, რიგითი თანამშრომლები კი მოზარდებს არ გამოეკიდებიან. არც არანაირი გადამზადება არ გააჩნიათ მოზარდებთან სამუშაოდ, უბრალოდ, არ აქვთ ასეთი გამოცდილება. მით უმეტეს, მანქანებიც არ გვაქვს საკმარისი”, – ამბობს მილიციის თანამშრომელი.  

ამჟამად კანონპროექტი რესპუბლიკის სახალხო კრებაშია შეტანილი. როდის გაიტანენ განხილვაზე, ჯერ უცნობია, თუმცა ყველა დეპუტატი ამ ინიციატივას სიხარულით არ შეხვედრია. ბევრი მათგანი აცნობიერებს, რომ შესაბამის ორგანოებს დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ყველაფერთან ერთად კი საბიუჯეტო ფინანსური დანახარჯებიც გაიზრდება.

კანონპროექტის გატანამდე, ოფიციალური ცნობის თანახმად, დეპუტატები სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებსა და კონსულტაციებს გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი