ახალი ამბებისაზოგადოება

ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სუპერდესკის წევრი აღარ არის

16 იანვარი, 2018 • 5730
ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სუპერდესკის წევრი აღარ არის

ია ანთაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის”  ე.წ სუპერდესკის წევრი აღარ არის, ის არხის ვებ-გვერდზე ახალი რუბრიკის გაკეთებას გეგმავს. ამას გარდა, არხის სტრატეგიული სამსახურის უფროსი იქნება.

სუპერდესკი “საზოგადოებრივ მაუწყებელში”, ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ერთი წლის წინ  შეიქმნა, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა გააუქმეს და მიმდინარე ამბების  მთელი ბლოკი სუპერდესკის მმართველობაში გადავიდა, უფრო ჰორიზონტალური მმართველობის მიღწევის განაცხადით.

“ეს ფორმულირება, რომ მე დავტოვე “სუპერდესკი”, არის კატეგორიულად არასწორი. როდესაც ჩვენ მივედით ტელევიზიაში ერთი წლის წინ, მაშინ ჩვენ დაგხვდა “ნიუსრუმის” ახალი კონცეფცია და ეს ყველაფერი საჭიროებდა განხორციელებას. იმისთვის, რომ ეს კონცეფცია განხორციელებულიყო, საჭირო იყო ახალი ადამიანები “ნიუსრუმში”, რადგან არსებულ შემადგენლობას ნამდვილად სჭირდებოდა გაძლიერება. ამ დროს ვასილ მაღლაფერიძემ მთხოვა, რომ ვყოფილიყავი ამ პროცესის მონაწილე ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც უშუალოდ “ნიუსრუმში” მუშაობას არ ეხებოდა, მაგრამ ეხებოდა ჟურნალისტიკის პრინციპების ცოდნას, და მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და ვიმუშავეთ ერთი წელი. მე მივეცი ჩემს თავს უფლება, რომ მეთხოვა, დავბრუნებულიყავი აქტიურ ჟურნალისტიკაში და მივიღე თანხმობა”,- განუცხადა ანთაძემ “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, ვებ-პლატფორმისთვის ახალ რუბრიკას შექმნის, რომელიც მისთვის საინტერესო ადამიანებთან ინტერვიუები იქნება. სფერო შეზღუდული არაა. ჯერჯერობით უცნობია, რა ერქმევა ია ანთაძის რუბრიკას. ინტერვიუები კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება:

“ეს იქნება წერილობით ინტერვიუები, ფოტოები. ძალიან ვცდილობთ, რომ ფორმატულად იყოს კარგი, მიმზიდველი.  ვცდილობთ, რომ შინაარსობრივადაც ასევე იყოს მიმზიდველი. ჩემთვის ძალიან დიდი პრიორიტეტია ეს. ადამიანები, რომლებიც ჩემთვის იქნებიან საინტერესო, მათთან ჩავწერ ინტერვიუებს”,- გვითხრა ანთაძემ.

შეკითხვას, მიიღებს თუ არა არხის მენეჯმენტის მუშაობაში მონაწილეობას, თუ მხოლოდ ჟურნალისტური საქმიანობით იქნება დაკავებული, ანთაძემ გვიპასუხა:

“თუ ჩემი გამოცდილება დასჭირდებათ ჩემს მეგობრებს კონკრეტულ მომენტში, რასაკვირველია, ჩავერევი, ყველა კითხვაზე პასუხს გავცემ და ყველანაირ რჩევებს მივცემ, რაც კი შემიძლია. მე ვრჩები ამ ბლოკის ნაწილი, ჩემი ახალი საქმით, არსად წავსულვარ. ვარ ამ ბლოკში და ვარ მისი ორგანული ნაწილი. რაც შეეხება სუპერდესკს, არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი იქ ყოფნის დროსაც ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ახლა  სტრუქტურულად ეს როგორ ჩამოყალიბდება, ამაზე ამ წუთას პასუხის გაცემა არ შემიძლია”,- ამბობს ანთაძე.

  • ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის  მრჩევლი 2017 წლის იანვარში გახდა.
  • 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი არაერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ახალი მენეჯმენტის მიერ გადაცემების დახურვის და სხვა გადაწყვეტილებების გამო.
  • მაუწყებლის მიმართ კრიტიკა 2017 წლის ბოლოს გამძფრდა, როცა არხმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეო გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი