ახალი ამბები

შსს “ბასიანზე” მომხდარზე: არ დავუშვებთ პოლიციელებზე თავდამსხმელთა დაუსჯელობას

16 იანვარი, 2018 • 2102
შსს “ბასიანზე” მომხდარზე: არ დავუშვებთ პოლიციელებზე თავდამსხმელთა დაუსჯელობას

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშილმა “ბასიანზე” დაცვის ორი წევრისა და პოლიციელის დაჭრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შსს არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელთა დაუსჯელობას. ამ საკითხზე სამინისტროში ბრიფინგი 16 იანვარს გაიმართა.

პირი, ვისაც ბრალად ედება, 13 იანვარს კლუბ “ბასიანზე” სამი პირის დაჭრა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას კლუბის თანამშრომლების, დაზარალებულების ოჯახის წევრებისა  და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

კლუბ “ბასიანის” თანადამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ბრალდებული პრივილეგირებული ოჯახის შვილია.

“ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი. კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შსს არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელთა დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული,”- აცხადებს შსს.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა კლუბში მყოფი ადამიანები, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილ სიმამაცისთვის მედალს გადასცემს. მისივე თქმით. პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს  13 იანვარს ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულზე მიაყენა დაზიანება. ინციდენტის დროს ბრალდებულმა ასევე დაზიანებები მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს. საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს ის კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა. ჩვენ შესაბამის რეაგირებას ვახდენთ ძალადობის თითოეულ  ფაქტზე. შესაბამისად, კანონით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ დაზარალებულების, მათ შორის, იმ ადამიანების დასაცავად, ვინც უშუალოდ ზრუნავს ჩვენს უსაფრთხოებაზე.

ბრალდებულის დაკავება მოხდა შემთხვევის ადგილზე. მას ბრალად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლი. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობის გამოყენება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს გამოყენების შესახებ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა,” – განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი