მუხთარლის საქმე და საკონსტიტუციო ცვლილებები Freedom House -ის 2018 წლის ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House 2018 წლის ანგარიშში “თავისუფლება მსოფლიოში 2018” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმესა და საქართველოში არსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ქულა არ შეცვლილა და 100 შესაძლო ქულიდან 64 მოაგროვა. ამ მონაცემით საქართვლო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა. ქვეყნების შეფასება დასრულებული არაა.

2018 წლის ანგარიშში “თავისუფლება მსოფლიოში 2018” საქართველო ორჯერაა ნახსენები. ანგარიშის მიხედვით, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შესაძლოა საკვანძო ნიშნულს მიაღწიონ დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამიტომ 2018 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.

“მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რაც მის მილიარდერი მფარველთან ერთად მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დასუსტებული ოპოზიციისთვის. უფრო მეტიც, პოტენციურად ეს უზრუნველყოფს მმართველი გუნდის წლობით დარჩენას ხელისუფლებაში”,- ნათქვამია ამ ანგარიშში.

ანგარიშში ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეც:

“შესაძლოა ყველაზე შემაშფოთებელი საფრთხე დემოკრატიისთვის რეგიონში არის ავტორირეტული ხელისუფლებები, რომლებიც კვეთენ საზღვრებს, რათა მათი კრიტიკოსები დასაჯონ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს იმ პირებმა, რომლებიც [მუხთარლის მტკიცებით] ქართულად საუბრობდნენ და იგი აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს. ეს იწვევს შეშფოთებას, გატაცებაში საქართველოს თანამონაწილეობასთან დაკავშირებით”,- წერია ანგარიშში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com