ახალი ამბები

როგორ მოხვდნენ მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი გედენიძე ერთ ფოტოზე

15 აგვისტო, 2013 • • 3176
როგორ მოხვდნენ მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი გედენიძე ერთ ფოტოზე

პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული ფოტო 2013 წლის 11 აგვისტოს
პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული ფოტო 2013 წლის 11 აგვისტოს

 ირაკლი გედენიძე დაკავებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა ფოტოგრაფად, თუმცა მას შემდეგ, რაც ბრალი ჯაშუშობაში დასდეს და დააკავეს, პრეზიდენტის პრესსამსახურთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

 

“ნეტგაზეთთან” საუბარში გედენიძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ფეისბუქზე განთავსებულ ფოტოზე ნამდვილად ის არის გადაღებული სააკაშვილთან და სხვა მოლაშქრეებთან ერთად, თუმცა ამბობს, რომ იგი აღნიშნულ ტურში სააკაშვილთან ერთად არ წასულა:

 

“დიახ, მე ვარ, ლურჯ ჟაკეტში… ტურში ვინც ვიყავით, საერთო ფოტოს ვიღებდით და პრეზიდენტიც იქ იყო, მეტი არაფერი. ჩვენ ვიყავით ტურში და შემდეგ ამ ტურს შემოუერთდა პრეზიდენტი. ეს საერთოდ არ ვიცოდით ჩვენ. ეს იქ გავიგეთ, როცა ზევით ავედით”.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, ხომ არ შედგა მთაში რაიმე სახის საუბარი მასსა და პრეზიდენტს შორის ფოტოგრაფების ზემოხსენებულ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, გედენიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ინტერვიუს არ იძლევა:

 

“მთაში ხდება ასეთი რაღაცა… თუნდაც ესალმებიან ადამიანები ერთმანეთს, უცხო ხალხი ერთმანეთს ხვდება და ძველი ნაცნობები ხვდებიან ერთამენთს და ეს გასაკვირი არ არის. ეს მთის წესია, შეიძლება მტერი მტერს მიესალმოს, მოყვარე მოყვარეს მიესალმოს და ასე შემდეგ. ის, რომ მთაში ვიღაც ვიღაცას შეხვდება ტურზე ან ექსკურსიაზე, გასაკვირი არ არის. ამ საკითხზე ინტერვიუს არ ვიძლევი”, – განაცხადა მან.

 

ხუთი ფოტოგრაფი – ევროპის პრესფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, გაზეთ “ალიას” და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე, ასევე “ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი შაჰ აივაზოვი, სამართალდამცავებმა 2011 წლის 7 ივლისს, ღამე, დააკავეს. აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს ბრალის წაყენების გარეშე, დანარჩენებს კი პროკურატურამ ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენა.

 

ნათია გედენიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. დანარჩენი სამი ფოტოგრაფი კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 22 ივლისს პირობითი სასჯელით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

ჟურნალისტთა ნაწილი აქციებს მართავდა ორი კვირის განმავლობაში და საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას, ასევე თავდებით მათ გათავისუფლებას მოითხოვდა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი