მოვითხოვთ საჯარო ბოდიშს: აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ლევან ვასაძის ვიდეოს ეხმაურებიან

“ან იმ ათი ათასობით ბავშვის უფლებებზე რატომ არავინ ზრუნავს, რომლებიც აუტიზმის, დაუნის, გულის მანკისა და სხვა უკურნებელი დაავადებებით გვებადება, თავიანთი მამიკოების ნარკომანიის გამო”, – ეს განცხადება ლევან ვასაძემ თავის ინტერნეტ მიმართვაში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის წინააღმდეგ გააკეთა. განცხადებას აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლები აკრიტიკებენ. 

18-წუთიან ვიდეოში ლევან ვასაძე გმობს ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ქართულ გენოფონდს საფრთის ქვეშ აყენებს. ვასაძე ასევე აღნიშნავს, რომ ნარკოტიკის მოხმარების ზრდით ბავშვებში მატულობს აუტიზმის, დაუნის სინდრომისა და გულის მანკის შემთხვევები. ამ დროისთვის ვიდეოს 300-ათასამდე ნახვა და 7-ათასამდე გაზიარება აქვს ფეისბუკზე.

გარდა ვასაძის მხარდამჭერებისა, მას უფლებადამცველი და  ორგანიზაციის“ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” დამფუძნებელი, მარი კორკოტაძე საჯარო წერილით გამოეხმაურა, სადაც ის ვასაძისგან მოითხოვს, ერთი სარწმუნო კვლევა მაინც წარმოადგინოს, რომელშიც აუტისტური სპექტრის აშლილობა “ნარკომანი” მშობლების შვილებს ემართებათ.

როდესაც ჩემს შვილს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, დავიწყე ფიქრი და ძიება, თუ რა ან ვინ იყო ამის მიზეზი. ერთადერთი, რაზეც მაშინ ვფიქრობდი, ჩემი მძიმე ორსულობა იყო (ანტისხეულების აწეული დონე), რის გამოც 3 თვე წოლითი რეჟიმი მქონდა და საწოლიდან ჩემი ადგომა არ შეიძლებოდა. ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემი ქმრის „ნარკომანობის“ გამო აქვს ჩემს შვილს აუტიზმი, რადგანაც ჩემი ქმარი „ნარკომანი“ არ არის. ლევან ვასაძის ლოგიკით მეც ისეთივე ნარკომანი გამოვდივარ, როგორც ჩემი ქმარი. ძალიან ბევრს ვკითხულობდი, რომ ჩემს კითხვებზე პასუხი მიმეღო, მაგრამ ვერ მივიღე, რადგანაც დღემდე იკვლევენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აუტიზმს და ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს მისი გამომწვევი მიზეზი.

მოვითხოვ, ლევან ვასაძემ გამოაქვეყნოს თუნდაც ერთი სარწმუნო კვლევა (ჩემი რჩევაა, ვიკიპედიით ნუ იხელმძვანელებთ, ბატონო ლევან, რადგანაც ნებისმიერს შეუძლია ვიკიპედიაში თავისი დილეტანტური აზრების დაწერა), სადაც წერია, რომ აუტიზმი „ნარკომანი“ მშობლების გამო ემართებათ ბავშვებს. მერე კი მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ყველა აუტიზმის მქონე ბავშის მშობელი დაგვიჭროს და პასუხი გვაგებინოს იმისათვის, რომ აუტიზმი ჩვენ დავმართეთ ჩვენს შვილებს! წინააღმდეგ შემთხვევაში საჯაროდ მოგვიხადეთ ბოდიში აუტიზმის მქონე ბავშების მშობლებს, რომ იმ 256 ათასმა ადმიანმა მოისმინოს ეს ყველაფერი, რომ მერე შემთხვევით ისევ არ გადავაწყდე ისეთ კომენტარებს, რომელზეც ზემოთ დავწერე”, – ნათქვამია კორკოტაძის წერილში.

კორკოტაძის წერილს გამოეხმაურა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის რამდენიმე მშობელიც. ერთ-ერთი მათგანი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში ამბობს:

მგონია, რომ დიდად ინფორმირებული არ უნდა იყოთ აუტიზმის მდგომარეობაზე და დაუნის სინდრომზე! აუტიზმის მდგომარეობა, ვერავინ დაადგინა, რატომ ხდება ბავშვებში და თქვენ ამბობთ, რომ თურმე მე ჩემი მეუღლე, ჩემი მეგობრები Mari Korkotadze ,რომელთაც აუტიზმის მქონე შვილები ჰყავთ, თურმე ,,ნარკომანები” ვყოფილვართ!! თუ ,,google”-ში ვერ მოიძიეთ, იქნებ გადაგემოწმებინათ ამდენი ბავშვების მშობლებთან, რომლებიც ,,ნარკომანები” ვყოფილვართ!! ნებისმიერი აგიხსნიდათ, ერთი-ორი სიტყვით… “

აუტისტური სპექტრის გამომწვევი მიზეზების დაუდგენლობაზე საუბრობს და ვასაძის მხრიდან საჯარო ბოდიშს ითხოვს ორგანიზაციის  “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” კიდევ ერთი წევრი. როგორც მის საჯარო პოსტშია ნახსენები, იმის მტკიცება, თითქოს აუტიზმსა და ნარკომანიას ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი აქვს, საზოგადოებაში არსებულ სტიგმებს აძლიერებს.

“აუტისტური სპექტრის გამომწვევი მიზეზები ბევრია და ხშირად კომბინირებული.  ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. შეიძლება ვიღაც ნარკომანს ჰყავდეს აუტიზმის მქონე ბავშვი, თუმცა მტკიცება იმისა, რომ ეს ნარკომანიის გამო მოხდა,  მეცნიერებსაც კი გაუჭირდებათ. საჯარო გამოსვლა და მიმართვა საზოგადოებისადმი იმ მოსაზრებით, რომ ნარკომან მშობლებს ჰყავთ აუტიზმის მქონე შვილები, სანდრო წყაროს მითითების გარეშე გამოიწვევს საზოგადოებაში არსებულ სტიგმის გაძლიერებას აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მიმართ. ბატონო ლევან ( World Congress Of Families X Tbilisi) აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ვითხოვთ საჯაროდ, თქვენივე გვერდზე ჩაწეროთ ვიდეო და მოიხადოთ ბოდიში. თქვენი ცილისწამება და კრებით სახელში საუბარი პირდაპირ ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის შეურაცხმყოფელია. ხვალ დილით მეზობელი როცა მომესალმება, იმას გაივლებს გულში ალბათ (თქვენი ვიდეომიმართვა თუ აქვს ნანახი), ეს საწყალი “ნარკომანები”! ძალიან ბევრი სტიგმის მსხვერპლნი ვართ ჩვენ და ჩვენი შვილები და თქვენი “გენიალური” მსჯელობა შემატებს კიდევ ერთ იარლიყს ჩვენს თემს! Mari Korkotadze მადლობა მყისიერი პასუხისთვის! იმედია, ამ საკითხით მართლა დაინტერესდება ტელევიზია და იქნებ საჯარო დისკუსიაც მოაწყონ სპეციალისტების ჩართულობით, რა  თქმა უნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კიდევ ერთი კომენტარს, რომელიც მარი კორკოტაძის წერილს ეხმაურება, ვასაძის ვიდეოს აკრიტიკებს და მის მსჯელობას “ბოდვას” უწოდებს, ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს.

“ორმაგი სტიგმატიზაციაა – აუტიზმის მქონე ბავშვების და მათი მშობლებისაც და ნარკოტიკების მომხმარებლებისაც. ამიტომ სრულიად დაუშვებელია ამ ბოდვების ატანა, თან რა რაოდენობის ადამიანს სჯერა ამისი – მეგონა, აპოკალიპსი დადგა, გვერდს რომ შევხედე – მადლობა World Congress Of Families X Tbilisi, რომ აგვიხილეთ თვალი მე და ჩემს მეუღლეს ჩვენს “ნარკომომხმარებლობაზე”.  მოკლედ რა.. ” – განმარტავს ერთ-ერთი მშობელი.

აუტისტური სპექტრის დარღვევა, როგორც წესი, ადამიანის ადრეულ ბავშვობაში ვლინდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.  ის ვლინდება ადამიანის ქცევასა და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციებში. დღესდღეობით დადგენილი არ არის, თუ რა იწვევს აუტისტური სპექტრის აშლილობას.

 

 


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან