ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ბავშვობაწართმეული ქალები აზერბაიჯანში

15 იანვარი, 2018 • 3514
ბავშვობაწართმეული ქალები აზერბაიჯანში

ადრეული ქორწინებები აზერბაიჯანში

სუდაბა 22 წლისაა. საკონდიტრო ქარხანაში მუშაობს. 9 სამუშაო საათის განმავლობაში მუყაოს ყუთებში ორცხობილას აფასოებს. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, სუდაბა ძალიან დაღლილად გამოიყურება. წელშია მოხრილი, კბილები დასცვივდა და კანის ფერი შეეცვალა.

საკუთარ ცხოვრებას “ტანჯვას” ეძახის. საქმე მხოლოდ მძიმე, მონოტონური და დაბალშემოსავლიანი სამსახური არ არის.

სუდაბას ბავშვობა წაართვეს. მშობლებმა 14 წლის ასაკში აიძულეს სკოლა მიეტოვებინა და ბიძაშვილზე დაქორწინებულიყო [აზერბაიჯანში ახლო ნათესავებს შორის ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა]. ქორწილი გადაიხადეს, თუმცა ქორწინების ოფიციალურად გაფორმება ამ ასაკში შეუძლებელი იყო. ამიტომაც ოჯახებმა მათი ოფიცილური ქორწინება იქამდე გადადეს, სანამ 18 წელი შეუსრულდებოდა.

15 წლის ასაკში სუდაბამ პირველი შვილი, გოგო გააჩინა. მეორე შვილზე 17 წლის ასაკში იმშობიარა. ორივეჯერ- საავადმყოფოში. ნათესავებმა ძვირფასი საჩუქრები აჩუქეს ექიმებს, რათა პოლიციისთვის არ შეეტყობინებინათ, რომ მათთან არასრულწლოვანმა იმშობიარა.

შვილების დაბადების მოწმობების გაფორმებაც არ იყო მარტივი. რამდენიმე წელი ელოდნენ პირველი შვილის დაბადების მოწმობის აღებას. მეორე შვილს კი სამართალდამცველებისგან ერთ წელზე მეტი მალავდნენ.

როდესასც სუდაბას 20 წელი შეუსრულდა, ქმარს უკვე აღარ შეეძლო მთელი ოჯახის რჩენა, ცოლს კი მოსთხოვა შვილების დედამთილისთვის დაეტოვებინაა და სამუშაო მოეძებნა.

ადრეული ქორწინების გამო სუდაბას არ ჰქონდა განათლება, არ იცოდა უცხო ენები, არ ფლობდა კომპიუტერულ პროგრამებს. ნათესავმა საკონდიტროში მოაწყო.

უკვე ორი წელია, კვირაში ექვსი დღე მუშაობს. სახლში მისული კი სახლს ალაგებს და სარეცხს რეცხავს. შესაბამისად, მძიმე შრომა, შვილების გაზრდა, დასვენებისა და ფულის ნაკლებობა მის ჯანრთელობაზე და იერზე აისახა.

19 წლის ულვია ქვეყნის სამხრეთის რაიონიდანაა. უკვე სამი შვილი ჰყავს. 15 წლის დააქორწინეს. მაშინ მამამისის მეგობარი ჩამოვიდა რუსეთიდან ოჯახთან ერთად და მოისურვა, ულვია მის შვილზე დაქორწინებულიყო, რათა აღარ დაბრუნებულიყო რუსეთში.

ბიჭის ოჯახი ფინანსურად საკმაოდ შეძლებული იყო ულვიას ოჯახისგან განსხვავებით, ამიტომ მშობლებს დიდხანს არ უფიქრიათ თანხმობაზე – შვილის დაქორწინება ერთით ნაკლები ოჯახის წევრის რჩენას ნიშნავდა. გარდა ამისა, სასიძოს მამამ გოგოს ოჯახს შესაბამისი საფასური გადაუხადა [ტრადიცია – თანხა პატარძალის სანაცვლოდ, რომელსაც ზოგჯერ აზერბაიჯანში ოჯახები მიმართავენ].

[red_box]ულვია ფაქტიურად სხვა ოჯახს მიჰყიდეს.[/red_box]

“ქმარი რბილი ადამიანი იყო, თუმცა ჩვენს ოჯახს მისი მშობლები მართავდნენ”,- ამბობს ულვია.

ულვიას აიძულებდნენ საშინაო საქმეები ეკეთებინა, ემუშავა ბოსტანში, შვილებისთვის მოევლო. ჰყვება, რომ მძიმე სამუშაო დღის გამო ხშირად ტიროდა ხოლმე, მესამე შვილის გაჩენის შემდეგ კი ქმრის მშობლებთან ცხოვრება გნსაკუთრებით აუტანელი გახდა მისთვის. ორი უფროსი შვილი  დატოვა და ჩვილთან ერთად, ფარულად ბაქოში ჩავიდა. ახლა ულვია იმალება და ამბობს, რომ თუ იპოვიან, პირველ რიგში,  საკუთარი მშობლები დასჯიან ოჯახის “შერცხვენისთვის”.

საკუთარი თავისა და შვილის რჩენის მიზნით, სამსახურს ეძებს. მას ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ სასამართლოს საშუალებით ულვია შვილების დაბრუნებასაც შეძლებს.

ადრეული ქორწინებები მთელი ქვეყნის დიდი პრობლემაა. უფროს [9-11],კლასებში სულ უფრო ცოტა გოგონა რჩება. განსაკუთრებით, ეს ტენდენცია ქვეყნის სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთის რეგიონებისა და ბაქოს გარეუბნების სკოლებში შეინიშნება.

განათლების საკითხების სპეციალისტის, ქამრან ასადოვის თქმით, ყოველწლიურად დაახლოებით 20 ათასი გოგო ტოვებს სკოლას. ყველაზე ხშირი მიზეზი კი ქორწინებაა:

“ხშირად სკოლების მასწავლებელები თავადვე იზიარებენ ასეთ მენტალიტეტს, არ თანამშრომლობენ პოლიციასთან, არ მიმართავენ იმის თაობაზე, რომ მათი მოსწავლეები უკანონოდ დაქორწინდნენ, ამით კი ხელს უწყობენ იმას, რომ ასეთი შემთხვევები სულ უფრო მომრავლდა”.

აზერბაიჯანში ადრეული ქორწინებების გამო მხოლოდ 2015 წელს 52 სისხლის საქმე აღიძრა.

ვინაიდან ბავშვობის ასაკში ქორწინების ობიექტი ძირითდად გოგონები არიან, ეს ქორწინებები ართმევს მათ შესაძლებლობას, ისწავლონ, და ხშირად უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. გოგონები, რომლებიც ბავშვობაში ქორწინდებიან, ვეღარ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრებას, მოწყვლადი ხდებიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის წინაშე.

ადრეული ქორწინებები ბევრი ქვეყნის პრობლემაა, რომელთა შორის აზერბაიჯანიცაა. ისევე როგორც ბევრ პატრიარქალურ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაშიც ადრეული ქორწინებების უმრავლესობა სოფლებში ხდება, სადაც მენტალიტეტი კანონის ძალაზე ძლიერია.

ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სასჯელია გათვალისწინებული ადრეული ქორწინებების ფაქტზე. აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 176-1 მუხლის შესაბამისად, რომელიც საქორწინო ასაკამდე ქორწინებას კრძალავს, სამიდან ოთხი ათას მანათამდე ჯარიმას ან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალიწინებს.

საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული ცენტრების ინფორმაციით, “ბოლო სამი წლის განმავლობაში ადრეული ქორწინების 30-ზე მეტი ფაქტი შეაჩერეს და თითოეულ შემთხვევაში ძალადობა აღკვეთეს. მსხვერპლებმა რეაბილიტაცია გაიარეს, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიეს როგორც მსხვერპლებს, ასევე, მათ ოჯახებს”.

ოჯახის, ქალებისა და ბავშვების პრობლემებზე მომუშავე სახელმწიფო კომიტეტი შრომითი და სოციალური დაცვის ინსპექციის სახელმწიფო სამსახურთან ერთად პერიოდულად ატარებს მონიტორინგს და ბავშვების სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ფაქტებს ავლენს. ოფიციალური ცნობით, ყოველწლიურად, მოსწავლეების მიერ სკოლის მიტოვებაზე ასეულობით ადმინისტრაციული გადაწყვეტილება გამოდის. საქმეები განსაკუთრებით გოგონებს შეეხება.

სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებითვე, აზერბაიჯანში 2008 წელს 15-17 წლის ასაკში 3633-მა ქალმა იმშობიარა, 2014 – ში – 3296 -მა. როგორც ჩანს, მაინც არსებობს გარკვეული დადებითი ტენდენცია, რადგან ბავშვობის ასაკში მშობიარეთა რიცხვი არ არის მზარდი.

ავტორი: გიუნელ მევლუდი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი