ახალი ამბები

სად უნდა იყოს თბილისის რკინიგზა? – დავა მერიასა და გენგეგმის ჯგუფს შორის

15 იანვარი, 2018 • 3527
სად უნდა იყოს თბილისის რკინიგზა? – დავა მერიასა და გენგეგმის ჯგუფს შორის

შენიშვნათა ნაწილი, რომელიც თბილისის მერიას დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან აქვს, შემოვლითი რკინიგზის პროექტს ეხება. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე 15 იანვარს გამოქვეყნებულ შენიშვნების ჩამონათვალში ნათქვამია, რომ “სითი ინსტიტუტის” მიერ ქალაქის რკინიგზის სამგზავრო ხაზის გაუქმების და მისი გადატანის დადებითი შეფასება შესაბამის კვლევას არ ეფუძნება.

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის უკანასკნელი ვარიანტის შეფასების ავტორები აღნიშნავენ, რომ “სითი ინსტიტუტმა” არ გაითვალისწინა მუნიციპალიტეტის არაერთი მოთხოვნა, რკინიგზის დერეფნის საკითხი გეგმაში კვლევის ჩატარებამდე ღიად დარჩენილიყო.

“რკინიგზის სამგზავრო მონაკვეთის (დიდუბე-სამგორი) გაუქმების გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის საკითხისათვის საჭირო კვლევები არ არის ჩატარებული. მოყვანილი არგუმენტები არის ცალმხრივი – რკინიგზის არსებობის მხოლოდ უარყოფითი მხარეები და გადატანის დადებითი მხარეები.

…ამასთან, ცენტრალური სადგური, რომელიც არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, საერთოდნ არ არის ნახსენები და მისი გაუქმების სატრანსპორტო შედეგები არ არის შეფასებული”, – აღნიშნავს მერია.

მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი პრეტენზია “სითი ინსტიტუტის” მიმართ შემოვლითი რკინიგზის ამოქმედების ინიციატივას უკავშირდება, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ იდეა დღეს არსებულ მოთხოვნებს არ პასუხობს:

“2009 მგგ-ს (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის) ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება რკინიგზის გადატანასთან დაკავშირებით რამდეჯერმე მეორდება მგგ-ს ჯგუფის პასუხში, როგორც რკინიგზის სამგზავრო ხაზის გაუქმების საფუძველი. 2009 წლის მგგ შექმნილია სხვა პოლიტიკური რეალობის პირობებში, არის
მოძველებული და არასრულფასოვანი. ამიტომ წარმოიშვა ახალი მგგ-ს შექმნის აუცილებლობა.
2009 წლის მგგ-შიც შესაბამისი კვლევით არ არის დასაბუთებული რკინიგზის გადატანის
საკითხი”.

გენერალური გეგმის სამუშაო ვერსიაში “სითი ინსტიტუტი” რკინიგზის გადატანის საჭიროებას რამდენიმე მიზეზით ხსნის. მათ შორისაა: ქალაქის ცენტრალური და დასახლებული ნაწილებიდან ჯანმრთელობისათვის საშიში და სახიფათო ტვირთების მოძრაობის არიდება; სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიერ ქალაქის გაყოფილი ნაწილების ინტეგრირების ხელშეწყობა; ქალაქის რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობისგან განტვირთვა; მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სამანქანო მოძრაობის დატვირთვის შემცირება და სხვა.

გენგეგმის სამუშაო ვერსიაში ასევე ხაზგასმულია, რომ “სითი ინსტიტუტის” თავდაპირველ მიზანს ქალაქის მთელ სიგრძეზე სარკინიგზო ხაზის შენარჩუნება წარმოადგენდა, თუმცა ეს თავად რკინიგზის კომპანიამ არ ისურვა.

“რკინიგზის კომპანიამ განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული მოცემული გადაზიდვების დამოუკიდებელი სახით შენარჩუნებით, რადგან ეს აუცილებელს გახდიდა ორი დამოუკიდებელი მონაკვეთის ოპერირების უზრუნველყოფას და გაზრდის ამასთან დაკავშირებულ ხარჯებს”, – აღნიშნავენ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრები.

გეგნგეგმის ჯგუფი ასევე ფიქრობდა, რომ ხაზის გაუქმების შემთხვევაში, სადგურის მოედანზე გამოთავისუფლებული ტერიტორიის 15-20% სატრანსპორტო საჭიროებებით უნდა ათვისებულიყო, 60-70% – სარეკრეაციო კუთხით, ხოლო დარჩენილი 10-25%- სხვა მიმართულებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი