ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო სერბეთის ეკლესიას ირინეოსისა და ბიბილოვის შეხვედრის ახსნას სთხოვს

15 იანვარი, 2018 • 2463
საქართველოს საპატრიარქო სერბეთის ეკლესიას ირინეოსისა და ბიბილოვის შეხვედრის ახსნას სთხოვს

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებამ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას წერილი მისწერა, რომლის ასლიც თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. საქმე ეხება სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, ირინეოსის შეხვედრას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერ ანატოლი ბიბილოვთან.

“საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ირინეოსმა, თავის რეზიდენციაში მიიღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რაც ჩვენს საზოგადოებაში  მკვეთრად უარყოფითად იქნა აღქმული და ამის თაობაზე  კითხვებს ჩვენც გვისვამენ.

შევნიშნავთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, – ეს  ერთი და იმავე სივრცის აღმნიშვნელია ტერმინებია და აქ 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია, ფაქტიურად, თავის იურისდიქციას ვერ ანხორციელებს, რადგან ის არის ოკუპირებული. არადა, ეს მხარე უძველესი ქართული მიწაა, რასაც აღიარებს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა და, მათ შორის, თქვენი ქვეყანაც.  ამიტომაც, აღნიშნული  შეხვედრა, ბუნებრივია,  თქვენი მხრიდან  გარკვეულ  ახსნას ითხოვს.

საქართველოში უყვართ სერბი ხალხი და სერბეთის ეკლესია.  ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა კვლავაც ძმურ სიყვარულზე, პატივისცემასა და სამართლებრივ პრინციპზე იქნება დაყრდნობილი. მით უმეტეს, ორივე ქვეყანას და ეკლესიას რთული პერიოდი გვაქვს გადატანილი და ვიცით დიდი განსაცდელებით გამოწვეული ტკივილის ფასი.

გთხოვთ,  ჩვენი გულისტკივილი და კეთილი სურვილები გადასცეთ უნეტარეს ირინეოსს”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი