ახალი ამბებისაზოგადოება

“სლოტები, რომელიც იძლევა”- “კრისტალბეთის” სექსისტური გზავნილი

15 იანვარი, 2018 • 7347
“სლოტები, რომელიც იძლევა”- “კრისტალბეთის” სექსისტური გზავნილი

“სლოტები, რომელიც იძლევა” – წერია პოსტერზე, რომელიც ონლაინ ტოტალიზატორმა და კაზინომ “კრისტალბეთი” თბილისის ქუჩებში ერთი კვირაა განათავსა. ნაწერის ფონზე გამოსახულია ქალი. რეკლამის ასეთ ფორმას და შინაარს სექსისტურად მიჩნევენ. სახალხო დამცველი კი კომპანიის რეკლამის შესწავლას აპირებს.

ფემინისტი და აქტივისტი ნათია გვიანიშვილი მიიჩნევს, რომ რეკლამის შემქმნელები ქალის სექსუალობას კონკრეტული “პროდუქტის” პოპულარიზაციისთვის იყენებენ:

“ეს რეკლამა, ისევე როგორც აზარტული თამაშების ბიზნესი, ძირითადად გათვლილია კაცებზე. ასეთი ბიზნესების მიერ შექმნილ რეკლამაში ხშირად პროდუქტთან აიგივებენ ქალს ან პირიქით – ამ შემთხვევაში სლო მანქანა, რომელიც აძლევს მოთამაშეს ფულს, გაიგივებულია ქალთან, რომელიც კაცს ადვილად თანხმდება სექსზე. მომხმარებლისთვის, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში კაცია, პროდუქტთან მაქსიმალურად მიმზიდველ ასოციაციებს ქმნიან.  საქართველოში ამას კიდევ დამატებითი მნიშვნელობა აქვს. ქალის სექსუალობა მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული. სტერეოტიპის მიხედვით, ქალმა “პატიოსნება” ან ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს, ან თუკი ქორწინების გარეშე აქვს სექსუალური კავშირები, მაშინ უარი არავის არ უნდა უთხრას. “ქალი, რომელიც იძლევა”, ბირჟაზე ბიჭების ერთ-ერთი სალაპარაკო თემაა ხოლმე”,- ამბობს გვიანიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რეკლამა არაეთიკურად და სექსისტურად არ მიაჩნიათ თავად კომპანიაში. შესაბამისად   ქუჩაში განთავსებული ბილბორდებიდან მის ჩამოხსნას არ აპირებენ.

“ეს არის სათამაშო ტერმინოლოგია.  გვაქვს ერთ-ერთი პროდუქტი – სლოტები, და არის სათამაშო ტერმინოლოგია, რომ იძლევა მოგებას, ფულს”,- ამბობს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი კინტირაია.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, ფული რატომ არ არის ამ ფრაზაში ნახსენები, ან რატომ არ ხატია ბილბორდზე, გვპასუხობს:

“თქვენ რა გინდათ, მითხრათ, რომ ყველა ბილბორდზე, სადაც რაიმე წინადადება არის დატანილი, ყველგან სიტყვა-სიტყვითაა გადმოცემული, რა შინაარსის მატარებელიცაა? [რატომ არის ქალი ბილბორდზე]კაზინოში ჩვეულებრივი კრუპიე არის ქალი, ქალბატონი. კაცებიც არიან, კი. მაგაილთად, მე რომ კაცი დამეხატა, დამიკავშირდებოდით და მეტყოდით იმავეს?”- ამბობს გიორგი კინტირაია.

რეკლამების სექსისტური შინაარსი არ არის ახალი.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს სექსისტური რეკლამები შექმნეს “ელიტ ელექტრონიქსმა” ; “საქართველოს ბანკმა” ; “ჯი პი აი ჰოლდინგმა”; ენერგეტიკული სასმელის მწარმოებელმა კომპანიამ “ბუღა”. 

ფემინისტი და აქტივისტი ნათია გვიანიშვილი ამბობს, რომ რეკლამები ორი სხვადასხვა კუთხითაა სექსისტური. ერთ შემთხვევაში ქალზე გათვლილ პროდუქტებს და მომსახურეობაზე მიანიშნებს და  ხაზს უსვამს ქალის სტერეოტიპულ თვისებებს და ფუნქციებს, მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მეორე შემთხვევაში კაცზე გათვლილი რეკლამაა, რომელიც ქალს იყენებს როგორც სექსუალურ ობიექტს.

სახალხო დამცველის აპარატი აპირებს, რომ “კრისტალბეტის” რეკლამა შეისწავლოს და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ კანონის ფარგლებში ზოგადი წინადადებით ან რეკომენდაციით მიმართოს კომპანიას.  როგორც ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე განმარტავს, ასეთი რეკლამები დისკრიმინაციის წახალისწებას და სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს:

“ამ შემთხვევაში რეკლამა ქალის როლის და ზოგადად ქალის დაკნინებისკენაა მიმართული და სწორედ ამიტომ არის სექსისტური. კონტექსტთან და შინაარსთან სრულიად შეუსაბამო ვიზუალური გამოსახვა და ის ტექსტი, რაც წერია, ვერ იქნება გამართლებული. თუ გავითვალისწინებთ გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების მდგომარეობის მხრივ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ეს რეკლამები ხელს უწყობს დისკრიმინაციული გარემოს არსებობას”, – ამბობს სხილაძე.

ვაინაიდან “კრისტალბეთი” კერძო კომპანიაა, მათ არ აქვთ ვალდებულება, უპასუხონ სახალხო დამცველის მიმართვას. ომბუდსმენის მოადგილე აღნიშნავს, რომ ეს კანონის ხარვეზია.

მასალების გადაბეჭდვის წესი