ახალი ამბები

პროკურატურამ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

15 იანვარი, 2018 • 1716
პროკურატურამ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე  საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულობა არ გამოკვეთა, ამიტომაც, გამოძიება შეწყვიტეს.

პაატა პავლიაშვილი 2017 წლის 25 ოქტომბერს თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე პოლიციელების მიერ დაკავებისას გარდაიცვალა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, უშუალოდ დაკავების ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი არ არსებობს.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის  მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს პ. პ., რომელიც დაკავების მომენტში გარდაიცვალა.

იმ ფაქტის გასარკვევად, გარდაცვალება ხომ არ გამოიწვია საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულმა ქმედებამ, საქართველოს პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, კერძოდ, გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის უშუალოდ პ.პ-ს ოჯახის წევრები, შემთხვევის შემსწრე მოქალაქეები და საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები, ასევე მოწმის სახით გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები.
თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პ.პ-ს მიმართ ძალადობას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და მათ პ.პ-ს ხელბორკილი ახსნეს დაუყონებლივ, როგორც კი ამ უკანასკნელმა შეუძლოდ იგრძნო თავი. ასევე დადგინდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებული იქნა უშუალოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ.

საქართველოს პროკურატურის მიერ მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებულ იქნა  უშუალოდ ინციდენტის დროს ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები. ასევე, საქმეზე ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი.

ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერას  დაფიქსირებული აქვს მხოლოდ პ.პ-ს დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მათ მიერ სამხრე კამერის ჩართვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელდა პ.პ-ს ადმინისტრაციული წესით დაკავება. პატრულის თანამშრომლებმა გამოკითხვის დროს ასევე განმარტეს, რომ ისინი სამხრე კამერით  უწყვეტად იწერდნენ კონფლიქტის მონაწილე პირებთან – გ.კ-სთან და ნ.შ-სთან გასაუბრებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე გამოძახებული იქნა გამომძიებელთა ჯგუფი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამორთო სამხრე კამერა. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერას, ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კამერები არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ – ს დაკავება და მოხდა მისი გარდაცვალება.

ამოღებულ სამხრე კამერებსა და ე.წ. „დივიარებზე“ ჩანაწერების ავთენტიკურობისა და იმ ფაქტის გასარკვევად, ხომ არ მოხდა ჩანაწერების მონტაჟი ან/და დაკავების ამსახველი ჩანაწერის ხელოვნურად წაშლა, პროკურატურის მიერ დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა. 2017 წლის 24 ნოემბრის და 2018 წლის 11 იანვრის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, პატრულის სამხრე კამერებსა და  ავტომობილის ბორტის კამერაზე წაშლის ან მონტაჟის კვალი არ გამოვლინდა.
გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 13 ნოემბრის დასკვნის თანახმად, პ.პ-ს გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება გარდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ განხორციელებული მანიპულაციისა. პ.პ-ს ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ იქნა აღმოჩენილი.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულობა არ გამოიკვეთა, მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო,”- აცხადებს პროკურატურა.

მნიშვნელოვანი დეტალები:

  • 32 წლის პაატა პავლიაშვილი ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას დაიღუპა. შსს-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც რამდენიმე მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ ახალგაზრდა კაცი მუდმივად ალკოჰოლს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მოიხმარდა, თუმცა, მოგვიანებით, 15 იანვარს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, პავლიაშვილის ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოუჩენიათ. თვითმხილველების თქმით, მოქალაქე დაკავებამდე ამბობდა, რომ ცუდად იყო და წყალს ითხოვდა, რაც პოლიციელებმა არ გაითვალისწინეს. სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა, ხოლო პროკურატურამ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობის ფაქტზე გამოძება დაიწყო.
  • ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები შსს-ს იმ ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის აკრიტიკებენ, რითიც, იურისტების თქმით, შსს უარყოფითი ხატის შექმნას შეეცადა პაატა პავლიაშვილისგან, თითქოს დაღუპვის მიზეზი ალკოჰოლი ან ფსიქოტროპიული ნივთიერება ყოფილიყო.
  • 27 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა დაკავების დროს პაატა პავლიაშვილის დაღუპვა გააპროტესტეს. მათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
  • პაატა პავლიაშვილის ოჯახის თხოვნით, მათ უფლებების დაცვაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო.
  • მთავარი პროკურატურის ცნობით, პაატა პავლიაშვილის დაკავების პროცესს პატრულის თანამშრომლები სამხრე კამერებით არ იწერდნენ და ეს ეპიზოდი არ დაუფიქსირებია საპატრულო პოლიციის ავტომობილსაც. უფლებადამცველებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ჩანაწერები შესაძლოა ხელოვნურად გაანადგურეს, რაც ასევე გამოსაძიებელია. შს მინისტრის მოადგილის თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ არ ჩანს პოლიციელების ჩანაწერებში პავლიაშვილის დაკავების მომენტი.
  • 2018 წლის 15 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულობა არ გამოიკვეთა და გამოძიება შეწყვეტილია.
  • პროკურატურის განცხადების შემდეგ საიას იურისტმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ოჯახის მოთხოვნით პროკურატურის განაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდნენ, თუმცა, მიმართავდნენ შსს-ს გენერალურ ინსპექციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი