ახალი ამბები

პრეზიდენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონს ვეტო დაადო

15 იანვარი, 2018 • 2094
პრეზიდენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 15 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე მაუწყებლობის შესახებ კანონს ვეტო დაადო .

მისი თქმით, ვეტოს თან ახლავს ორი მოტივირებული შენიშვნა, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამის გამოყენებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის შესყიდვების შესახებ წესის ცვლილებას.

“ბევრი საკითხი, რომელიც წამოიჭრა კანონის მოწინააღმდეგების მხრიდან,  იქნა ჩემთვის განმარტებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციის გაცნობით, თუმცა დარჩა ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღესაც, ჩემი აზრით, კანონში არაა ადეკვატურად გაწერილი:

პირველი  ეხება მედიის სარეკლამო ბაზრის საკითხს – ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს არის ნამდვილად ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტით ვაფინანსებთ. მე მიხარია, რომ ასეთი დაფინანსებით არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელი, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ  საქართველოში, იმ ბაზარზე, რომელიც ასაზრდოებს კერძო ტელევიზიებს, ეს არის მილევადი და კლებადი ბაზარი. გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გადასახადებით, ბიუჯეტიდან უკვე დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი შევიდეს, როგორც ერთ-ერთი მოთამაშე, კონკურენტულ ბაზარზე, ჩემი აზრით, პრობლემურია იმიტომ, რომ მედიამრავალფეროვნება არის ის სიკეთე,  რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის და  საქართველოსთვის,  როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. იმიტომ, რომ მედია რეალურად მეოთხე ხელსიფულებაა, იგივე ვერ შეასრულებს ამ როლს, თუ არ ექნება რესურსი. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც სიკეთე, არ უნდა იყოს დაპირისპირებაში მეორე სიკეთესთან – მედიამრავალფეროვნებასთან” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება უკვე შეადგენს სარეკლამო ბაზრის ნახევარს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, შესყიდვების წესს, პრეზიდენტის თქმით, ის სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, არსებული კანონი შესყიდვების შესახებ ხელს შეუშლის არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ყველა სხვა უწყებას, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას ყიდულობს. თუმცა მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ახლად მიღებული ცვლილებების მიხედვით, ეს კანონი არათუ იცვლება ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, არამედ საერთოდ უქმდება.

“კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი, არის შესყიდვების საკითხი. სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არსებული კანონი შესყიდვების შესახებ უქმნის პრობლემას საზოგადოებრივ მაუწყებელსა  და სხვა უწყებებს, რომლებიც ინლტელექტუალურ  საკუთრებას ყიდულობენ, და ეს  მათი საქმიანობის ნაწილია. თუმცა ეს კანონი აუცილებლად შესაცვლელლია და ჩვენ უნდა მოვიდეთ თანხმობაში იმ კანონთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით,  სამოქმედო კანონი უნდა გახდეს 2019 წელს. ის, რასაც გვთავაზობს არსებული კანონი, არის არა ჩანაცველბა, არამედ საერთოდ გაუქმება იმ რეგულაციების, რომლებიც შემქნა ,იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების მიერ დაფინანსებული ფული იხარჯებოდეს გამჭირვალედ.

ჩვენ ვუბრუნებთ პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს ამ მოტივირებული შენივშნით. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი კარგად გაიზიარებს ვეტოს და გაადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად, ასევე, გამჭირვალე ხარჯვის მიმართლებით” – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 2017 წლის 12 დეკემბერს მიიღო. ცვლილებას პლენარულ სხდომაზე 85 მომხრე და 6 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია  პროდუქციის არანაკლებ 25%-ისა დაუთმოს დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ ვრცელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.

აგრეთვე, ახალი  რედაქციით, დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-, რადიო-, ასევე ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის (პროგრამა, გადაცემა, ფილმი, სპექტაკლი, სერიალი, რეპორტაჟი, კულტურული ღონისძიება) ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე, სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;

 



 

მასალების გადაბეჭდვის წესი