“ჩვენ სტაბილური ირანი გვჭირდება” – ირანში მიმდინარე მოვლენების გავლენა სომხეთზე

როგორც წესი, ახალი წლის დღეებში სომხეთში არა მხოლოდ პოლიტიკური ცხოვრება, არამედ საზოგადოებრივი დისკუსიები, სოციალური ქსელები და მედიაც დუმდება. საზოგადოებრივი დისკუსიები ისეთი თემებით შემოიფარგლება, როგორებიცაა გასტრონომიული სურვილები [ინდაური თუ ღორის ბარკალი?], სიძვირე მაღაზიებში და დაძველებული სალათებისგან მიყენებული შესაძლო ზიანი. თუმცა ამ წელს ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. დეკემბრის ბოლო დღეებიდან მოყოლებული, სომხური მედიისა და სოციალურ ქსელებში მოქალაქეების ყურადღება მეზობელ ირანში მიმდინარე დრამატული მოვლენებისკენ იყო მიმართული.

მართალია, ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა შვებულებით ისარგებლეს, რათა თავი აერიდებინათ ამ ერთობ მგრძნობიარე თემაზე განცხადებების გაკეთებისგან, რომელიმე საგარეო პარტნიორისთვის რომ არ ეწყენინებინათ, თუმცა სომხური საზოგადოების შიგნით ირანის თემა ყველაზე აქტუალური იყო, რაც ორი მიზეზით აიხსნება.

პირველ რიგში, ირანი სომხეთის მეზობელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო პარტნიორია.  თუ რატომ არის ირანთან ურთიერთობები ასე მნიშვნელოვანი სომხეთისთვის, ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებ.

ბოლო წლებში, სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების ფონზე, სომხეთში ავტორიტარული ტენდენციები გაძლიერდა, შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის პარალელების გავლება თვალსაჩინოა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან: სომხური პოლიტიკური სისტემა შეიძლება დავახასიათოთ როგორც მსუბუქი ავტორიტარიზმი, ირანში კი საკმაოდ სფეციფიკური თეოკრატიული სისტემაა, რომელიც დემოკრატიის, ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის ელემენტებს შეიცავს.

თუმცა, მთლიანობაში, ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის პროტესტი პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის არ არის უცხო.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ირანში მიმდინარე მოვლენების განხილვა გადაიზარდა დისკუსიაში, თუ რა ხდება სომხეთში. გასაკვირი არ არის, რომ ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებმა  სომხურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ირანში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებდნენ ისეთ პრობლემებს სომხეთში, როგორიცაა მოქმედი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება, რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანი და ა.შ. ასევე, დისკუსია გაიმართა რელიგიისა და ეკლესიის როლზე, რადგან ბოლო წლებში სულ უფრო აქტიურად განიხილება სომხური აპოსტოლური ეკლესიის გაძლიერებისა და მისი ხელისუფლებასთან დაახლოების თემა.

მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოების ლიბერალურმა და ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა ნაწილმა ირანში მიმდინარე მოვლენები აღიქვა როგორც ხალხის პროტესტი დიქტატურის წინააღმდეგ, ხოლო ხელისუფლების მხარდამჭერებმა- “ევრაზიული ინტეგრაციისა” და კონსერვატიული ღირებულებების მქონე ნაწილმა კი- უცხოური სპეცსამსახურების პროვოკაციად.

თუმცა, პოზიციების განსხვავების მიუხედავად, ერთი საერთო აზრი მაინც აერთიანებდა “ლიბერალებსაც” და “კონსერვატორებსაც”. მისი ფორმულირება ასე შეიძლება: “სომხეთს სჭირდება სტაბილური ირანი”. ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული კონსენსუსია -თუ ირანში სიტუაცია სირიული მოდელით განვითარდება, ეს უკიდურესად არასახარბიელო იქნება სომხეთისთვის. ირანის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, ქაოსი, სამოქალაქო ომი და, მით უმეტეს, ირანის დაშლა სომხეთში აღიქმება, როგორც ეს ინგლისურად ჟღერს- «nightmare scenario».

მეტი, ვიდრე მეზობელი: რატომაა ირანთან ურთიერთობები ასე მნიშვნელოვანი სომხეთისთვის

ოთხი მეზობელი ქვეყნიდან მხოლოდ ირანსა და საქართველოსთან არ აქვს სომხეთს კონფლიქტი. თუ საქართველოს გავლით გადის გზა დასავლეთზე და ჩრდილოეთზე, ირანი სომხეთს სამხრეთთან და აღმოსავლეთთან აკავშირებს.

უძველესი დროიდან მოყოლებული ირანი სომხეთის ისტორიაში უზარმაზრ როლს თამაშობდა. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შემოსვლამდე, თითქმის მთელ რეგიონს ირანელი შაჰები მართავდნენ. სომხური თემი ირანში ერთ-ერთი უძველესია, სომხური დიასპორისგან ერთგვარად განსხვავებული.

ირანთან ურთიერთობები ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტშიცაა მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ კონფლიქტის ზონა უშუალოდ ირანის საზღვართანაა. ასევე, მნიშვნელოვანია ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბაქო მუსლიმური ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური კომპონენტი, თუმცა ამ სფეროში კიდევ მეტია მისაღწევი. სომხეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში 211,4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. დეკემბერში კი ირანის საზღვართან ერთობლივი “თავისუფალი ეკონომიკური ზონა” გაიხსნა.

ირანელები სომხეთში ჩასული ტურისტების 15%-ს შეადგენენ: 2017 წელს მათმა რაოდენობამ დაახლოებით 200 ათასი შეადგინა. ბოლოს და ბოლოს, ირანში “სირიული” სცენარის განვითარების შემთხვევაში, თუკი სომხეთში დევნილების შესაძლო ნაკადს წარმოვიდგნეთ, გასაგები გახდება, რატომ არის ირანის მოვლენები ასე მნიშვნელოვანი სომხეთისთვის.

ასევე, სომხეთში ირანი განიხილება როგორც რუსეთის გავლენის პოტენციური საპირწონე – ენერგეტიკის სფეროში. ეს მოსაზრება ჯერჯერობით უფრო თეორიულ ხასიათს ატარებს.

თუმცა დღესდღეობით რუსეთი და ირანი ხშირად გამოდიან მოკავშირეების როლში, კერძოდ, სირიაში. ამის მიუხედავად, ირანი დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელიც მკვეთრად მიჯნავს საკუთარ ინტერესებს მოსკოვის ინტერესებისგან. ამ კუთხით ირანს ნამდვილად შეუძლია დაეხმაროს ერევანს, რუსეთისგან დამოუკიდებელი გახდეს, კერძოდ, ენერგეტიკულ სფეროში.

თუმცა თანამედროვე პირობებში მსგავს სომხურ-ირანულ ინიციატივებს წარმატების დიდი შანსი არ გააჩნია. სომხეთში ყველას ახსოვს, რომ 2000-იან წლებში ირანიდან სომხეთის გავლით საქართველოში ტრანზიტული გაზსადენის გაყვანა იგეგმებოდა. თუმცა, როდესაც ის 2007 წელს აშენდა, მისი დიამეტრი 1420 მმ-დან 700 მმ-დე იყო შემცირებული, რამაც ბუნებრივი აირის ტრანზიტი შეუძლებელი გახადა. ახლა, როდესაც სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, “არმროსგაზპრომი” კი სომხურ-რუსული ერთობლივი კომპანიიდან მთლიანად რუსულ კომპანიად “გაზპრომ-არმენიად” გადაკეთდა, მსგავსი პროექტების რეალიზაციის შანსები კიდევ უფრო ნაკლებია.

ამის მიუხედავად, სომხეთშიც და ირანშიც არ ივიწყებენ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის პოტენციალს. და თუ რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილებები მოხდება, მსგავსი პროექტების რეალიზაციის შანსი გაჩნდება.

მეორე ორმხრივი პროექტი, რომელსაც ასევე მცირე შანსი აქვს დღეს განხორციელდეს, თუმცა მისი რეალიზაცია შეიძლება მოხდეს ასევე გეოპოლიტიკური ცვლილებების შესაბამისად  – ეს არის რკინიგზა “ჩრდილოეთი-სამხრეთი”, რომელმაც სომხეთისა და ირანის სარკინიგზო სისტემები უნდა დააკავშიროს.

Iranian worshipers shout slogans against anti-government protestors, Tehran, Iran, 05 January 2018. EPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREH

სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი: გეოპოლიტიკური სამკუთხედი

ეკონომიკის მნიშვნელობის მიუხედავად, მთავარი ფაქტორი, რომელიც სომხურ-ირანულ ურთიერთობებს განსაზღვრავს, გეოპოლიტიკაა, კერძოდ, ირანის პოზიცია ყარაბაღის საკითხში.

ყარაბაღის საკითხში ირანი, “ისლამური სოლიდარობის” გაგების მიუხედავად, თუკი მე-20 საუკუნის ტერმინს გამოვიყენებთ, “კეთილგანწყობილ ნეიტრალიტეტს” ინარჩუნებს. აზერბაიჯანში ხშირად ადანაშაულებენ თეირანს სომხეთის მიმართ ჩუმ მხარდაჭერაშიც, თუმცა ეს გაზვიადებულია. ამის მიუხედავად, ერევანისა და თეირანის გეოპოლიტიკური ინტერესები გარკვეულწილად ემთხვევა. ეს დაკავშირებულია თეირანსა და ბაქოს შორის საკმაოდ რთულ ურთიერთობებთან, რაც თავის მხრივ ისეთი ფაქტორებით აიხსნება, როგორებიცაა ბაქოს მიერ “ირანულ აზერბაიჯანში” სეპარატიზმისა და აზერბაიჯანში პოლიტიკური ისლამის მხარდაჭერა თეირანის მიერ.

ყოველივე ამის გამო- ბაქოს, დასავლეთისა და ისრაელს შორის აქტიური თანამშროლობის ფონზე- თეირანსა და ბაქოს შორის ურთიერთობები არაერთხელ გამწვავებულა.

ბოლო წლებში ირანულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში გარკვეული დათბობა იგრძნობა, თუმცა ახლო პერსპექტივაში ობიექტური მიზეზების გამო ირანის პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტში, სავარაუდოდ, არ შეიცვლება.

ამასთან, ირანი მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესიდან ჩამოცილებულია, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თეირანში დიდად არც სურთ ამ პრობლემაში ჩარევა, მით უმეტეს, რომ ირანის ერთადერთმა მცდელობამ, 1992 წელს შუამავლის როლი ეთამაშა, შედეგი არ გამოიღო. თეირანი მხოლოდ პერიოდულად მიანიშნებს, რომ იმის მიუხედავად, კონფლიქტის სამშვიდობო გადაჭრის მომხრეა, კონფლიქტის ზონაში დასავლეთის ქვეყნების სამშვიდობო ძალების განლაგება მისთვის მიუღებელია.

განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა სომხეთისთვის ე.წ. ირანული აზერბაიჯანის პრობლემა. საუბარი შეეხება ირანის ჩრდილო-დასავლეთით არსებულ სამ პროვინციას: დასავლეთ აზერბაიჯანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანი და არდებილი. აზერბაიჯანში ამ პროვინციებს, სადაც მოსახლეობის უმეტესობისთვის მშობლიური ენა თურქულია, “სამხრეთ აზერბაიჯანს” უწოდებენ და ისტორიულად საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევენ. ბაქოს პრეტენზიები ირანულ აზერბაიჯანზე ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია მთელი პოსტსაბჭოთა წლების განმავლობაში, რომელიც თეირანსა და ბაქოს ურთიერთობებს ართულებს და, ბუნებრივია, ხელს უწყობს თეირანისა და ერევნის ურთიერთგაგებას.

ირანულ აზერბაიჯანში სეპარატისტული მოძრაობა არა მხოლოდ ირანისთვისაა  სასიკვდილო საფრთხე, პოტენციურად, სომხეთისთვისაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

დღეს რთულია შეაფასო სეპარატისტული გავრცელების დონე ან ირიდენტული [აზერბაიჯანთან გაერთიანების] განწყობები ჩრდილოეთ-დასავლეთ ირანში.

მიიჩნევა, რომ ამ პროვინციების მოსახლეობა, მთლიანობაში, კარგად არის ინტეგრიეებული ირანის საზოგადოებასთან და საერთო ირანული იდენტურობა ამ მხარის მოსახლეობის უმრავლესობისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი ლოკალური განსაკუთრებულობა.

თანამედროვე ირანულ ელიტაში ბევრი მოღვაწეა წარმოშობით ირანული აზერბაიჯანიდან, ისეთი, როგორიცაა ყოფილი პრემიერი და 2009 წელს ოპიზიციური “მწვანე მოძრაობის” ლიდერი მირ ჰოსეინ მუსავი.

საუბრობენ ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის აზერბაიჯანული წარმომავლობის შესახებაც. თუმცა, არასტაბილურობის პირობებში, სეპარატისტული განწყობები შესაძლოა გაძლიერდეს, განსაკუთრებით, თუკი ისინი მხარდაჭერილი იქნება გარედან. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს დამოუკიდებელი თურქული სახელმწიფოს აღმოცენება, რომელიც უფრო მეტად თურქეთისა და აზერბაიჯანის მოკავშირე იქნება და სომხეთს უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სომხეთში ყურადღებით აკვირდებიან ირანში მიმდინარე მოვლენებს. ამავე დროს, აქ ესმით, რომ ირანში მიმდინარე ამბებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ძალიან მცირეა. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნებიც კი უძლური არიან, იქ მიმდინარე მოვლენებზე გავლენა მოახდინონ. ასე რომ, სომხებს ისღა დარჩენიათ, შორიდან დააკვირდნენ, თუ რა ხდება მეზობელ ქვეყანაში და იმედი იქონიონ, რომ ყველაფერი დალაგდება. ამავდროულად, იმისთვისაც მოემზადონ, რომ საქმე შეიძლება არც ისე კარგად განვითარდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიკაელ ზოლიანი არის ერევანში მცხოვრები ისტორიკოსი და პოლიტოლოგი.