ახალი ამბებიეკონომიკა

შვეიცარიულ ბანკში ივანიშვილის დაკარგული მილიონების საქმეზე სასამართლო იწყება

15 იანვარი, 2018 • 3579
შვეიცარიულ ბანკში ივანიშვილის დაკარგული მილიონების საქმეზე სასამართლო იწყება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების შვეიცარიულ ბანკში დაკარგული მილიონების საქმეზე ჟენევაში სასამართლო პროცესი 15 იანვარს იწყება.

ამის შესახებ ბლუმბერგი იუწყება.    გამოცემის ცნობით, ივანიშვილის გარდა საქმის განხილვას უკვე ორი წელია 5 რუსი ბიზნესმენიც ელოდება, რომლებიც ასევე ადანაშაულებენ შვეიცარიულ ბანკს თანხების დაკარგვაში.

ამ საქმეზე უკვე ორი წელია პატიმრობაშია Credit Suisse Life-ის  ყოფილი თანამშრომელი,  54 წლის  პატრიკ ლესკადრონი. სწორედ მას ედება ბრალი ივანიშვილის  აქტივების არასწორად მართვაში, რის გამოც ქართველმა მილიარდერმა ასეულობით მილიონი დოლარი იზარალა.

ივანიშვილი ფულის არაეფექტურად მართვაში სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life (Bermuda) Ltd –სა და ბანკის ჟენევის სათავო ოფისს ადანაშაულებს.  თუმცა, “ბლუმბერგის” ცნობით, თავად “კრედიტ სუისი” არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ბანკია მომხდარზე პასუხისმგებელი და გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ლესკადრონი მარტო მოქმედებდა, როცა “კონტროლის შიდა წესებს”არღვევდა. ბანკი აცხადებს, რომ 2 წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებისას არ გამოვლენილა, რომ ლესკადრონს კოლეგებიც ეხმარებოდნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  ლესკადრონს 10 წლით პატიმრობა ემუქრება. მისი ადვოკატი სიმონ ნთა ამბობს, რომ დაპატიმრების შემდეგ მისი კლიენტი გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

მილიონები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა, ბერმუდისა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოების ჩანაწერების მიხედვით,  ივანიშვილს დაბანდებული ჰქონდა ბერმუდაში, გადასახადისგან გათავისუფლებულ სადაზღვევო პოლისებში, რომლებსაც შპს “კრედიტ სუისს ლაიფ (ბერმუდა)” (Credit Suisse Life (Bermuda) Ltd) განკარგავდა. პოლისები აზღვევდა თავად ბიძინა ივანიშვილის, ეკატერინე ხვედელიძის, გვანცა, ცოტნე და ბერა ივანიშვილების სიცოცხლეს.

2016 წლის 14 ივნისს ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან “კრედიტ სუისისა” და დაკარგული მილიონების თემასაც გამოეხმაურა.

“მე არ დამიკარგავს ეს ფული, ბანკმა დაკარგა. ფული ჩემი ანგარიშიდან გაქრა და ბანკმა ის უკან უნდა დააბრუნოს. მე ეს თემა არ მაშფოთებს, რამეთუ “კრედიტ სუისს” აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ მისმა თანამშრომლმა კანონი დაარღვია, მანვე აგოს პასუხი. … მე ბანკირი ვიყავი და კოლეგიალური გრძნობები მაქვს ბანკის მიმართ. მინდა დელიკატური ვიყო და ჩემი განცხადებებით ბანკი არ დავაზიანო. თუმცა მე შემიძლია სერიოზული ზიანი მივაყენო, თუ ყველაფერზე ვისაუბრებთ.”

თემის შესახებ სრულა შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი