ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას გეგმავს

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნებას აპირებს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება. ელისაშვილის თქმითვე, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყოს ჩართული ეს მოძრაობა:

“ვაპირებ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას. იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მდგომარეობა მთლად კარგი ვერ არის და ის არსებული პოლიტიკური სისტემა, რომელიც არის და ცვლილებას საჭიროებს, არის რეალურად დაჭაობებული. პარტიები გვყავს, რომელიც არის ბელადების პარტიები და არცერთი პარტია არ არის შიდა დემოკრატიაზე დამყარებული. ნებისმიერი პატარა დისკუსიაც კი იწვევს პარტიების გახლეჩვას. მე მსურს, რომ აბსოლუტურად ახალი შინაარსის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია შეიქმნას”,- ამბობს ელისაშვილი პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ .

შეკითხვაზე, რისთვის მოემზადება ეს ორგანიზაცია საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ელისაშვილი პასუხობს:

“რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, თუმცა არ გამოვრიცხავ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრსაც კი. ეს ვნახოთ, მომავლის ამბავია, თუმცა არცთუ ისე შორის. გაზაფხულიდან რეალურად კამპანია დაიწყება და ამაზე ვიფიქრებ. უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ორ წელიწადნახევარში იქნება”, – ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით, მან არ იცის, თავად იქნება თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი. ასევე ამბობს, რომ არ აპირებს, “ელისაშვილის პარტია” შექმნას.

ალეკო ელისაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. “ცესკოს” მონაცემებით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერის არჩევნებზე ხმათა 17.48% მიიღო და მმართველი პარტიის კანდიდატის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com