ახალი ამბები

ბიბილოვი სერბეთის პატრიარქს შეხვდა

13 იანვარი, 2018 • 2393
ბიბილოვი სერბეთის პატრიარქს შეხვდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი 12 იანვარს სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა მიიღო.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საერთო ქრისტიანულ საკითხებზე იმსჯელეს.

“ანატოლი ბიბილოვმა ისიც აღნიშნა, რომ მართლმადიდებლობის როლი სამხრეთ ოსეთში საკონსტიტუციო ჩანაწერითაა გამყარებული. ბიბილოვმა პატრიარქ ირინეოსს 2017 წელს რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრის შესახებაც უამბო”. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატრიარქმა ირინეოსმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სიკეთე, მშვიდობა და აყვავება უსურვა.

მხარეებმა საჩუქრებიც გაცვალეს. სამხრეთ ოსერთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციამ რესპუბლიკაში სერბსკა [ბოსნია-ჰერცოგოვინის ერთ-ერთი რეგიონი] სხვა შეხვედრებიც გამართა, რასაც თბილისშიც გამოეხმაურნენ.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (აკრედიტებულია ბოსნია-ჰერცეგოვინაში) ირაკლი კოპლატაძის თქმით, ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთ-ერთ რეგიონში, რესპუბლიკა სერბსკაში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ვიზიტი არ შეესაბამება ბოსნია-ჰერცეგოვინას პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.:

“მსგავსი ქმედებებით რუსეთი აგრძელებს პროპაგანდისტული პოლიტიკის გატარებას და უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას. ინფორმაციის გავრცელებისთანავე დავუკავშირდით ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარეს, რომელიც არ იყო ინფორმირებული საოკუპაციო რეჟიმის ქვეყნაში შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ არანაირ ოფიციალურ ვიზიტს არ ჰქონდა ადგილი და ვერც ექნებოდა.ბოსნია-ჰერცეგოვინამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას”- ამბობს კოპლატაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი