ახალი ამბები

პოეტი ზვიად რატიანი “საზოგადოებრივ მაუწყებელს” საჩივრით მიმართავს

12 იანვარი, 2018 • 3419
პოეტი ზვიად რატიანი “საზოგადოებრივ მაუწყებელს” საჩივრით მიმართავს

პოეტი ზვიად რატიანი “საზოგადოებრივ მაუწყებელს” საჩივრით მიმართავს. ზვიად რატიანი მიიჩნევს, რომ არხმა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია, არ დაიცვა სიზუსტე და მის მიმართ სიძულვილი გააღვივა.  მას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიმართ სამი მოთხოვნა აქვს:

[checklist]

  • დადგინდეს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მოთხოვნათა – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის (34-ე მუხლი; 35-ე მუხლის მეორე, მეხუთე და მეექვსე პუნქტები; 48-ე მუხლი) სიძულვილის გაღვივებისა (31-ე მუხლი) და ჯეროვანი სიზუსტის (მე-12-ე მუხლი) დარღვევა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ სადავო ჩანაწერებთან მიმართებით;
  • სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმიდან (მაგ. ვებ-გვერდი, youtube არხი, facebook გვერდი) აღებული იქნეს ყველა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სადავოდ გამხდარ ჩანაწერს;
  • მომავალში აღარ განხორციელდეს სადავო ჩანაწერების გამოყენება სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.

[/checklist]

2017 წლის 27 დეკემბერს 18:00-საათიან მოამბეში გავიდა სიუჟეტი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად რატიანის ადმინისტრაციული საქმის განხილვას ესებოდა. სიუჟეტში გამოყენებული იქნა პოლიციის შენობაში გადაღებული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისმის ინფორმაცია რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. აგრეთვე, გამოქვეყნდა მეორე ჩანაწერიც. ჩანაწერებში იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება და პოლიციის წარმომადგენლების მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებს, რაც რატიანისვე განმარტებით,  პოლიციის წარმომადგენლების მიერ მის მიმართ არასათანადო მოპყრობით იყო გამოწვეული.  

“მიმაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები არის პირადი ინფორმაციის შემცველი. გარდა აღნიშნულისა, ჩანაწერის გამოქვეყნებით საფრთხე შეექმნა ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რასაც ადასტურებს აღნიშნულ სიუჟეტზე ჩემ მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარა”,- ნათქვამია საჩივრის ტექსტში. 

საჩივარის სამართლებრივ საფუძვლებში მითითებულია “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, “მაუწყებელთა ქცევის კოდექსი” და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი. 

ზვიად რატიანის საჩივრის გარდა,”საზოგადოებრივ მაუწყებელს” განცხადებით მიმართავენ მწერლებიც. მწერლებმა არხის სამეურვეო საბჭოსთან რატიანის საქმეზე ერთი შეხვედრა უკვე გამართეს და ზეპირი ფორმით ითხოვეს საბჭოს მაუწყებლის მიერ ზვიად რატიანთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში არსებული დარღვევების შესახებ ემსჯელა, რაც დღემდე არ მომხდარა. შესაბამისად, წერილობითი განცხადებით მწერლები მოითხოვენ:

[checklist]

  • მოიწვიოთ სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა და იმსჯელოთ 2017 წლის 27 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, 18:00-საათიან ,,მოამბეში” ზვიად რატიანის ადმინისტრაციული საქმის თაობაზე მომზადებულ სიუჟეტში არსებული დარღვევების თაობაზე;
  • სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელოთ არხის გენერალური დირექტორის – ვასილ მაღლაფერიძის მიერ პასუხისმგებლობის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და მიიღოთ შესაბამისი ზომები.
  • სხდომაზე უზრუნველყოფილი იქნეს ჩვენი დასწრება/მონაწილეობა.

[/checklist]


ზვიად რატიანი 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

პოეტს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში. ზვიად რატიანი აცხადებს, რომ მას არაერთი პოლიციელი მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ ქურთუკის ფერი არ მოეწონათ. დაშავებულის თქმით, თავდაპირველად ოთხი უცნობი პირი მივიდა მასთან სამოქალაქო ფორმით, რასაც შსს უარყოფს და აცხადებს, რომ ვიდეო-მასალა არსებობს, სადაც ზვიად რატიანი პოლიციელებს აგინებს და არ ემორჩილება.

ზვიად რატიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც ცნობილ პოეტს ასე გამეტებით სცემენ სამართალდამცველები, რთული წარმოსადგენი არ არის, რას გაუკეთებენ ისინი უცნობ მოქალაქეს.

შსს-ს განმარტებებსა და სამართალდამცველების გამამართლებელ განცხადებებას მწერლები “ბრიყვულს” უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ საპატრულო პოლიცია საბჭოთა მილიციად გადაიქცა. ისინი იმ პოლიციელების სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც ზვიად რატიანი სასტიკად სცემა.

მოგვიანებით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან პოეტ ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობის გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი