ახალი ამბებისამართალი

საიამ გიგა ოთხოზორიას საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა

12 იანვარი, 2018 • 1930
საიამ გიგა ოთხოზორიას საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. საჩივარი მან პარტნიორ ორგანიაზაციასთან – ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან  (EHRAC) ერთად შეიტანა.

როგორც საიას განცხადებაშია ნათქვამი, ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 ( სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალების უფლება) მუხლები დაირღვა. 

“ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე  ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე,  პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს” – ნათქვამია განცხადებაში.

მოკლედ გიგა ოთხოზორიას საქმეზე

  • გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით, ბოლოს კი საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.
  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ-მა სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს, რაშიდ კანჯი ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა.
  • 2016 წლის 26 დეკემბერს ზუგდიდის  რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი ოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას  და  უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანჯი-ოღლის ბრალი დაუმძიმა და 2017 წლის 7 მარტს  14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
  • 2017 წლის 31 მაისს აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტეს.
  • გალის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული, რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
  • აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი