საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის – ევა გოცირიძის ფიცი პრეზიდენტის გარეშე

დღეს, 12 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ ევა გოცირიძემ ფიცი დადო.  ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცარიელი იყო სკამი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის იყო განკუთვნილი. პრეზიდენტი ფიცის დადების ცერემონიალს არ დასწრებია.

“პრეზიდენტი იყო მოწვეული, რატომ არ ჩამობრძანდა, ვერ გეტყვით,” – განაცხადა ევა გოცირიძემ ფიცის დადების შემდეგ ჟურნალისტებთან.

“ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს და მე ყველა  ღონეს ვხმარობ, რომ ღირსეულად ვატარო ეს ტვირთი. მე მოხარული ვარ, რომ მმართველმა გუნდმა დამიჭირა მხარი. ძნელია მოიძებნოს რომელიმე ისეთი კანდიდატი  საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობისა, რომლის მიმართაც ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება ერთგვაროვანი აზრი,” – თქვა მან.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძე  გასული წლის დეკემბერში აირჩიეს. გოცირიძეს მხარი 90-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი – 0.

ევა გოცირიძე მოსამართლედ იმუშავებს შემდეგი ათი წლის განმავლობაში. მან მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი ჩაანაცვლა.

პრეზიდენტისთვის განკუთვნილი სკამი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის გვერდით, ცარიელი დარჩა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ფიცის დადების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ესწრებოდნენ
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი