გიორგი გახარიას შეხვედრა ნინო ლომჯარიასთან. ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა.

შსს-ს ცნობით, გიორგი გახარიამ და ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის, ასევე შსს-ს მიმართ სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მინისტრისა და სახალხო დამცველის მოადგილეებიც იმყოფებოდნენ.

“გახარიამ სახალხო დამცველს საპოლიციო სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა და სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა  ადამიანის უფლებათა დაცვის ახლად შექმნილ დეპარტამენტზეც იმსჯელეს, რომლის მიზანია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციული მოტივითა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება”, – ნათქვამია შეხვედრის შესახებ შსს-ს გავრცელებულ პრესრელიზში.

სანამ შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი და სახალხო დამცველი ერთობლივი მუშაობის პერსპექტივებზე იმსჯელებდნენ, არც ისე სახარბიელო იყო წინა მინისტრისა და ყოფილი სახალხო დამცველის ურთიერთობა. გასული წლის ოქტომბერში უჩა ნანუაშვილმა გლდანის ციხის პატიმრის შესაძლო წამების შესახებ პროკურატურას წინადადებით მიმართა. საპასუხოდ კი გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ არ სურს, სახალხო დამცველის ინსტიტუტი “კრიმინალების გამპრავებელ კანტორად”გადაიქცეს.

“ბატონ მინისტრს არ აქვს სრული წარმოდგენა სახალხო დამცველის მანდატზე  და ზოგადად ადამიანის უფლებებზე”, – ასე გამოეხმაურა მაშინ ნანუაშვილი მინისტრის კრიტიკას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან