ახალი ამბებისამართალი

საპატრიარქოს განცხადება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე და უმცირესობის პოზიცია

12 იანვარი, 2018 • 2223
საპატრიარქოს განცხადება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე და უმცირესობის პოზიცია

საპატრიარქოს პოზიციას ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვის შეჩერებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” არ იზიარებენ. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტმა სხვადასხვა მხარეთა პოზიციები უნდა მოისმინოს, თუმცა განხილვის პროცესის შეფერხება დაუშვებელია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პროცესთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პარლამენტმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოს. გოცირიძე კანონპროექტის არსებულ ვერსიაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ  საბოლოო გადაწყვეტილება არა კანონმდებლებზე, არამედ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილზეა დამოკიდებული.

“პარლამენტი იმიტომ არის ქვეყნის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომ მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. თუმცა, რა რეაგირება ექნება პარლამენტს ამ მიმართვაზე, ეს არავინ იცის. ექნება ისეთი, როგორსაც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი.
ეს არის კარგი კანონპროექტი, არის დაბალანსებული და ამ ფორმით მისი მიღება იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი ამ სფეროში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა გაკონტროლდნენ ნარკორეალიზატორები და აქცენტები მომხმარებლებიდან უნდა გადავიდეს მათზე, ერთხელ და სამუდამოდ”, – აღნიშნავს გოცირიძე

კანონპროექტის შეჩერებას “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარიაც ეწინააღმდეგება. მისი თქმით, მეორე მოსმენით კანონპროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, თუმცა პროცესის შეფერხებისგან ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი.

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განხილვა მიმდინარეობს ძალიან დიდი ხანია და უკვე დაგვიანებულია კიდეც მისი მიღება, ჯერ კიდევ ჩვენი მთავრობიდან მოყოლებული. უამრავი ადამიანი არის ციხეში მარიხუანის და სხვა ნარკოტიკის მოხმარების გამო.
არაერთხელ მითქვამს, რომ ამ შემთხვევაში “ოცნება” ძალიან კონსტრუქციულად იქცევა. გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან და მოისმინეს ყველას აზრი. მეორე მოსმენით, რა თქმა უნდა, რაღაცები დაზუსტდება და დასაზუსტებელიც არის, თუმცა კარგად უნდა ესმოდეს, რომ არ უნდა ხდებოდეს ასეთი განცხადებების გაკეთება იმისთვის, რომ პროცესი შეფერხდეს. ყველას აზრის მოსმენა შეგვილია, მაგრამ ხელოვნურად პროცესის გაჭიანურება არ შეიძლება. პარლამენტმა იმ გრაფიკითა და წესით, რომელიც გააჩნია, ეს კანონი უნდა მიიღოს”, – აღნიშნა ხოშტარიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალ კანონპროექტთან დაკავშრეიბით განცხადება გუშინ, 11 იანვარს გაავრცელა. განცხადების ავტორები ნარკომომხმარებლების დაპატიმრების წინააღმდეგნი არიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის არსებული ვერსიის განხილვა უნდა შეჩერდეს, რადგან მოსალოდნელი რისკების აღმოფხვრისათვის მზად არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი