ახალი ამბებისამართალი

კობახიძე: ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი შეიძლება ვერ მივიღოთ უახლოეს მომავალში

12 იანვარი, 2018 • 5821
კობახიძე: ნარკოპოლიტიკის კანონპროექტი შეიძლება ვერ მივიღოთ უახლოეს მომავალში

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნდა გაფართოვდეს იმ პირთა წრე, ვინც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელებს. საპატრიარქოს 11 იანვრის განცხადების საპასუხოდ კობახიძემ თქვა, რომ “კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში”.

“ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისი კანონროექტიც არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში.  უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ განხილვებში.   ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ ვუსმენთ ყველა მხარეს, მოვუსმენთ საპატრიარქოს და ზუსტად ასეთი განხილვის, ძალიან ფართო ჩართულობის განხილვის საფუძველზე იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება”,- განაცხადა კობახიძემ 12 იანვარს, ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს 11 იანვრის განცხადების თანახმად, ისინი  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვენ, ვინაიდან მასში რიგი საკითხები გათვალისწინებული არ არის. საპატრიარქოს პოზიციაა, რომ  ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სასჯელის ფორმად პატიმრობა არ გამოიყენებოდეს.

შეკითხვაზე, შეჩერდება თუ არა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, კობახიძემ უპასუხა:

“პირიქით, საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.  რა თქმა უნდა, ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით, კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიზანი აქვს ყველას ერთი. მიზანია ნარკომოხმარების შემცირება საქართველოში და ასევე მიზანია, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული განუხრელად ამ სფეროში. უბრალოდ, ჩვენ ხშირად მხარეები ვერ ვთანხმდებით ამ მიზნების მიღწევის გზებზე, ჩვენთვის მთავარია, ამ გზებზე შევჩერდეთ, ამისათვისაა საჭირო ზუსტად განხილვა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თავად გუნდის შიგნითაც არის აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ გზებთან დაკავშირებით. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია უკეთ უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას.  ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკის გამკაცრება უკეთესი გზაა.

“მე არაერთხელ მითქვამს, რომ დღემდე არცერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები, თუნდაც სტატისტიკური მონაცემები, ანალიტიკური მასალები არ მინახავს. მხოლოდ ასეთი სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე შეგვეძლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. დღემდე ჩვენ გვესმის მხოლოდ ზედაპირული მსჯელობა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, რაც ძალიან სამწუხაროა. “- განაცხადა კობახიძემ.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პატრიარქის ტრადიციულ საშობაო ეპოსტოლეშიც იყო საუბარი. ილია მეორე აღნიშნავდა, რომ “აუცილებელია შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი