ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობაში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე აზრთა სხვადასხვაობაა

12 იანვარი, 2018 • 1497
საპარლამენტო უმრავლესობაში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე აზრთა სხვადასხვაობაა

ნარკოპოლიტიკის ახალ კანონპროექტან დაკავშირებით მეცნიერებათა აკადემიაში საპარლამენტო უმრავლესობამ სასულიერო პირებთან ერთად იმსჯელა. მმართველ გუნდში საპატრიარქოს 11 იანვრის განცხადებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატთა ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის განხილვები არ უნდა შეჩერდეს და კონსულტაციები გაფართოებულ ფორმატში უნდა გაგრძელდეს. მათი ნაწილი კი დოკუმენტის უკან გათხოვას ემხრობა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვის შეჩერებაზე “საუბარი არ არის”, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა კონსულტაციების შედეგად უნდა მიიღონ.

“როცა საზოგადოებისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საპატრიარქო აკეთებს განცხადებას, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგანაც ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა დიდი როლი საქართველოში ამ პრობლემასთან ბრძლის მიმართულებით. კანონპროექტის შეჩერებაზე საუბარი არ არის. საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ პროცესი შეიძლება განვითარედეს კონსულტაციების გაფართოების გარეშე. ამის საპასუხოს შემიძლია ვთქვა, რომ კონსულტაციები აქამდეც მიმდინარეობდა, ახლა უფრო გაფართოვდება და სწორედ კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ზოიძემ მედიასთან საუბრისას.

ფრაქციაში “ქართული ოცნება – კონსერვატორები” კი მიიჩნევენ, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი ამ კიუთხით ვითარებას კიდვე უფრო დაამძიმებს, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანომ მისი განხილვა უნდა შეაჩეროს.

“საკანონმდებლო ინიციატივა არის ცალკეული დეპუტატების მიერ ინიცირებული. ეს არ არის უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. ჩვენ თავიდანვე გვქონდა ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში, ვინაიდან შეიცავს ძალიან დიდ საფრთხეებს, რომ ნარკორეალიზაცია და მოხმარება კატასტროფულად გაიზრდება ქვეყანაში. უმჯობესი იქნება, თუ ეს კანონპროექტი მთლიანად იქნება გაწვეული”, – აღნიშნა ფრაქციის წევრმა გიგა ბუკიამ.

საპატრიარქომ ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალ კანონპროექტთან დაკავშრეიბით განცხადება გუშინ, 11 იანვარს გაავრცელა. განცხადების ავტორები ნარკომომხმარებლების დაპატიმრების წინააღმდეგნი არიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის არსებული ვერსიის განხილვა უნდა შეჩერდეს, რადგან მოსალოდნელი რისკების აღმოფხვრისათვის მზად არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი