სახალხო დამცველის რეკომენდაცია პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ჰომოფობიურ ქმედებებზე

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევაზე შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაცია 9 იანვარს, მას შემდეგ გაიცა, რაც სახალხო დამცველის რწმუნებული ოჯახში ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით ლგბტ თემის წარმომადგენლის მიმართ შსს-ს თანამშრომლის მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტს შეესწრო.

“პოლიციის თანამშრომელი საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რწმუნების წარდგენის მიუხედავად, არ რთავდა შენობაში ყოფნის ნებას. ამასთან, ჰომოფობიურად იყო განწყობილი და აგრესიას გამოხატავდა ლგბტ თემის მიმართ.

სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე ჩატარებული სამსახურეობრივი შემოწმებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დაადასტურა; თუმცა, სამინისტროს მოსამსახურეები მკაცრად გააფრთხილეს მოქალაქეებთან ურთიერთობისას იხელმძღვანელონ „შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ეთიკის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მიმდინარეობს არაერთი საქმის შესწავლა, რომლის ავტორების სამართალდამცავებს ლგბტ ადამიანების მიმართ ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში სდებენ ბრალს:

“სამწუხაროდ, რიგ საქმეებში თავად განმცხადებლები ამბობენ უარს საქმისწარმოების გაგრძელებაზე, რაც სხვა სოციალურ და კულტურულ ფაქტორებთან ერთად მათი სამართალდამცავი უწყებებისადმი ნდობის დაბალი ხარისხითაც არის განპირობებული, ხოლო რიგ საქმეებში რთულია მტკიცებულების მოპოვება”.

სახალხო დამცველი რეკომენდაციის ფარგლებში საქმის საფუძვლიან შესწავლას და სამართალდამცავთა მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტზე რეაგირებას მოითხოვს. განცხადებაში ასევე საუბარია სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე თანასწორობის საკითხებთან და სახალხო დამცველის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან