ახალი ამბები

საპატრიარქო: აუცილებელია, ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს

11 იანვარი, 2018 • 2013
საპატრიარქო: აუცილებელია, ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სასჯელის ფორმით პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგია. ამის შესახებ საპატრიარქოს 11 იანვრის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას ეხება:

“ვინაიდან პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გრძელდება, გვინდა დამატებით განვაცხადოთ შემდეგი: მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას”.

მიუხედავად ამისა, საპატრიარქო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვს, ვინაიდან მასში რიგი საკითხები გათვალისწინებული არ არის. განცხადების ავტორების აზრით, აუციელებლია რისკების პრევენცია, პროცესში მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა და სხვა.

“ა) ეკლესია ყოველთვის მკვეთრი ღონისძიებების გატარების მომხრე იყო ნარკოტიკების გამავრცელებელთა მიმართ, რადგან ეს არის დანაშაული ერის წინაშე და ამ ქმედებას სახელმწიფო მთელი სიმკაცრით წინ უნდა აღუდგეს, რაც დამატებით რეგულაციებში უნდა აისახოს;

ბ) ჩანს, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ეტაპზე მზად არ არიან მოსალოდნელი ნეგატიური ტენდენციების კონტროლისათვის და ყველამ თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს;

გ) აუცილებელია, ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი, ბავშვები დაცულნი იყვნენ ნარკოდამოკიდებული წევრის მავნე გავლენისაგან;

დ) ქვეყანაში არ არის სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ და ეს მდგომარეობა მალე უნდა შეიცვალოს;

ე) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედიასაშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

ვ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ პირველ რიგში, ახალგაზრდობამ გააცნობიეროს, ნარკოდამოკიდებულებების შემთხვევაში, რას უქადის მათ ხვალინდელი დღე და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

ზ) უნდა გამკაცრდეს ზომები აღნიშნული ნარკოტიკების უკანონო შემოტანასთან, გავრცელებასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

თ) აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი და სხვა.

კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტში კი ეს მიმართულებები არ არის ასახული, რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პატრიარქის ტრადიციულ საშობაო ეპოსტოლეშიც იყო საუბარი. ილია მეორე აღნიშნავდა, რომ “აუცილებელია შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი