ახალი ამბები

მაჩალიკაშვილს ერთი ცეცხლსასროლი დაზიანება აღენიშნება – ნიკოლეიშვილი ექსპერტიზის დეტალებზე

11 იანვარი, 2018 • 1406
მაჩალიკაშვილს ერთი ცეცხლსასროლი დაზიანება აღენიშნება – ნიკოლეიშვილი ექსპერტიზის დეტალებზე

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ექსპერტიზის დეტალებზე საუბრობს.  როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თემირლან მაჩალიკაშვილს შუბლის არეში ერთი გამავალი ჭრილობა აღენიშნება, თუმცა სხეულზე ძალადობის სხვა კვალი არ არის:

ერთი ცეცხლსასროლი დაზიანება, შუბლის მიდამოში შემავალი, გამოსავალი ხვრელით კეფის მიდამოში. ჭრილობა ორია, მაგრამ დაზიანება ერთია  – შესავალ-გამოსავალი ხვრელით. თავის ტვინის ნივთიერებაში იყო უცხო სხეული, მცირე ზომის, დაახლოებით ერთი მილიმეტრის, რაც შეიძლება გარსის ფრაგმენტს წარმოადგენედეს. ყოველ შემთხვევაში ის დალუქულია და გადაცემულია. გამოკვლევა მიმდინარეობს მისი. სხვა დაზიანება სხეულზე არ იყო, რაიმე ფიზიკური ძალადობის და სხვა კვალი სხეულზე არ ყოფილა. ახლა მომწამლავი და სხვადასხვა ნივთიერებები, აღებულია მიკროსკოპია, აღებულია ლაბორატორიული კვლევები. სხვა ვნახოთ, დაველოდოთ პასუხებს” ,- განმარტავს ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, ექსპერტიზის საბოლოო პასუხი საუკეთესო შემთხვევაში 1-2 თვეში იქნება, ვინაიდან აღებული საკვლევი მასალა ძალიან ბევრია.

“იმდენი საკვლევი მასალა არის აღებული , მათ აუცილებლად ლაბორატორიული კვლევა დასჭირდება. საუკეთესო შემთხვევაში, 1 -2 თვე. მანამდე ფიზიკურად დაიწერება სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრში და მე ხელს მოვაწერ, როგორც მონაწილე” – აღნიშნავს ექსპერტი.

როგორც მაია ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ოჯახი ექპერტიზის შემდეგ. მისივე თქმით, უცნობია ისიც, გააგრძელებს თუ არა საქმეზე მუშაობას.

” ბოლომდე გამოკვლევები ჩატარდება, დაიდება დასკვნა. შემდეგი ღონისძიეები იქნება ისეთი დეტალების გარკვევა, როგორიცაა  ტრაექტორია როგორი იყო და ა.შ. მე შემთხვევის ადგილის დათვალიერებით გარკვეული კონსულტირება გავუწიე, ექსპერტიზაში მონაწილეობაც მივიღე. შემდეგი ჩემი როლი, მე გავაგრძელებ თუ არა, ეს ჯერ გადაწყვეტილი, მართალი გითხრათ, არ მაქვს. ვნახოთ, ახლა ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ გავარკვევთ, სხვა ეტაპებს გავაგრძელებთ თუ არ გავაგრძელებთ. ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს მისი სტრატეგია, ასე ვთქვათ” – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის ექსპერტიზაში  10 იანვარს ჩაერთო. მაჩალიკაშვილს ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.

მოვლენათა ქრონოლოგია

  • 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
  • მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მუდივად ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი