ახალი ამბებისამართალი

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეუფარდეს

11 იანვარი, 2018 • 2138
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეუფარდეს

ზურაბ იდოიძეს, რომელსაც სამართალდამცავები ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებენ, სასამართლომ 11 იანვარს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატმა დავით მოდებაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე სააპელაციო სასმაართლოში გაასაჩივრებენ.

ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში 9 იანვარს დააკავეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

სუს-ის განცხადებით, ზურაბ იდოიძე დაეხმარა ISIS-ს მებრძოლ ახმედ ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში 21-22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს.

გამოძიების მტკიცებით, ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში და ახმედ ჩატაევი და  მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე”.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს ,რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი