“რეალიზებისთვის მეტი არეალი მჭირდება” – აკაკი გოგიჩაიშვილი “იბერიაში” გადადის

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, გადაცემა “ბიზნესკურიერის” და “კვირის გამოძიების” წამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია “იბერიაში” გეგმავს გადასვლას, სადაც ყოველდღიურ ბიზნესგადაცემას უხელმძღვანელებს:

“ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რა რესურსს გამოყოფს არხი, რომ გაკეთდეს ის გადაცემა,რაზეც საუბარია. საუბარია ყოველდღიურ ბიზნესგადაცემაზე. ერთია, მე რა პირობები მჭირდება, ფინანსური თუ სხვა, მარტო ერთი ადამიანი ხომ ვერ გავაკეთებ?! მჭირდება, ცხადია, რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური. ამ ნაწილზე მიდის ახლა მუშაობა – რა არის საჭირო და შესაბამისი უზრუნველყოფა მოხდეს”, – უთხრა გოგიჩაიშვილმა “ნეტგაზეთს”.

ჟურნალისტმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა:

“ვფიქრობ, რომ მე სხვა რამის გაკეთება მინდა და უფრო მეტის, ვიდრე ამის საშუალება და მოთხოვნილება არის ახლა არხზე. არხმა გადაწყვიტა, დირექტორმა მათ შორის, ალბათ, რომ ბიზნესშინაარსი არხს არ სჭირდება. საგამოძიებო გადაცემა, სიმართლე გითხრათ, დიდად მეც არ მაინტერესებდა. ეს საგამოძიებო ნაწილიც შემოტანილია სხვა გადაცემებში, იგივე პ.ს.-ში თუ შაბათის კურიერში. ამდენად, მე ჩავთვალე, რომ საკუთარი თავის რეალიზებისთვის მეტი არეალი მჭირდება”,- ამბობს გოგიჩაიშვილი.

აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემა “ბიზნესკურიერი” 2017 წლის ივლისსი დაიხურა.  მეორე გადაცემა “კვირის გამოძიება” 2017 წლის ნოემბერში დახურა არხმა. 

“ნეგაზეთის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “იბერიის” გადაცემა “ბიზნესკოდის” თანამშრომლების უმეტესობას კონტრაქტები შეუწყდა. აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ  ამ ეტაპზე არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, ვინ იქნება მის გუნდში:

“ჩემი გუნდი დაიშალა, არა მყავს, თორემ, რა თქმა უნდა, ჩემი გუნდით მირჩევნია მისვლა იმიტომ, რომ ადამიანებთან, რომლებთანაც მუშაობა შედგა, იცი, ენდობი და მოლოდინები ზუსტად იცი, რა უნდა გქონდეს და რა იქნება. ამდენად, რადგან ეს გუნდი თავიდანაა გასაკეთებელი, ამ ეტაპზე არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, ვინ იქნება ამ გუნდში, რამდენი იქნება და ამაზეც მიდის მათ შორის მუშაობა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com