ახალი ამბები

ნემცოვის სახელობის ქუჩა ვაშინგტონში და რეაქცია რუსეთში

11 იანვარი, 2018 • 2981
ნემცოვის სახელობის ქუჩა ვაშინგტონში და რეაქცია რუსეთში

ვაშინგტონის იმ ქუჩას, რომელიც რუსეთის საელჩოს წინ მდებარეობს, მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭება. “რადიო თავისუფლების” ცნობით, კოლუმბიის უბნის საბჭომ ცვლილებას კენჭი 9 იანვარს უყარა და ერთსულოვნად დაამტკიცა. საბჭომ გადაწყვეტილება “დემოკრატიისთვის მოკლული აქტივისტის” პატივისცემით ახსნა.

აღნიშნულ ცვლილებას წარმომადგენლობითი საბჭოს ერთ-ერთი კომიტეტის ნებართვაც სჭირდება, თუმცა საბჭოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 4 წლისთავისათვის სისრულეში იქნება მოყვანილი.

რუსეთის საელჩო აშშ-ში. ფოტო: EPA/JIM LO SCALZO

ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთის პოლიტიკურ წრეებში უკვე გამოეხმაურნენ. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “გადაწყვეტილება ქალაქის[ვაშინგტონის] ოფიციალური პირების პრეროგატივაა”. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ვაშინგტონის გადაწყვეტილება მეტად მწვავედ შეაფასა “რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. რადიკალიზმით გამორჩეულმა პოლიტიკოსმა ქუჩის სახელის ცვლილებას “ბინძური აქტი” უწოდა რუსეთის საელჩოს წინააღმდეგ.

“ნებისმიერ ქალაქს შეუძლია, თავად გადაწყვიტოს, ვისი სახელი დაარქვას ქუჩას. მაგრამ ეს უნდა იყოს ობიექტური. ბევრი კრიმინალი იქნა ჩადენილი, როცა ნემცოვი იყო გუბერნატორი[ნიჟნი-ნოვგოროდის]. უნდა დავფიქრდეთ, ვის სახელს ვარქმევთ მოედანს ამერიკის დედაქალაქში”, – აღნიშნა ჟირინოვსკიმ.

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა, 2015 წლის 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. გასული წლის ივნისში მკვლელობის ბრალდებით წარმოშობით ჩეჩენი 5 პირი დააკავეს, რომელთაც ივლისში 11-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ცოტა ხნის წინ ნემცოვის მხარდამჭერებმა მკვლელობის ადგილას მის პატივსაცემად მემორიალი განათავსეს, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გაქრა.

2018 წლის 27 თებერვალს, ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემად, მოსკოვში ოპოზიცია საპროტესტო მარშს გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი