პროკურატურამ მოქალაქეზე ძალადობის გამო ორი პოლიციელი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები დააკავეს.

პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით,  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პოლიციელებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს:

” 2017 წლის 12 ნოემბერს, საღამო საათებში დაზარალებული მეგობრებთან ერთად რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ერთ-ერთ მაღაზიასთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდნენ უბნის ინტპექტორ -გამომძიებლები  და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.  მას შემდეგ, რაც მოქალაქემ სამართალდამცავებს მოსთხოვა განმარტება, თუ რა მიზეზით უნდა დაეტოვებინა  ტერიტორია, პოლიციელებმა  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს. დაზარალებულმა  გაქცევა სცადა, რა დროსაც პოლიციელები მას დაედევნენ, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა სამსახურეობრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ გაისროლა. წაქცეულ დაზარალებულს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს”, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება სსკ-ს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან