ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ “ჩატაევის საქმის” განხილვა 22 თებერვლამდე გადადო

10 იანვარი, 2018 • 2330
სასამართლომ “ჩატაევის საქმის”  განხილვა 22  თებერვლამდე გადადო

ტერორიზმისა და მის ხელშეწყობაში ბრალდებული პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 თებერვალს გაიმართება.

მოსამართლემ 10 იანვარს დანიშნული სხდომა პროკურორის მიმართვის საფუძველზე გადადო.

“წინასასამართლო სხდომის გადაწევას ვითხოვდით გამომდინარე იქიდან, რომ საქმეზე დღეის მდგომარეობითაც გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. საქმე გახლავთ მოცულობითი, რთული და, შესაბამისად, მოცემული ვადა არ იყო საკმარისი გამოძიებისთვის. ამიტომ მივმართეთ და სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტები ”, – განაცხადა პროკურორმა ნანა ხუჭუამ  10 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მისი თქმით, 9 იანვარს ახმეტაში ზურაბ იდოიძე საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის ჩვენებებს საფუძველზე დააკავეს, თუმცა პროკურორმა არ დააკონკრეტა, თუ ვინ მისცა ჩვენება იდოიძის წინააღმდეგ.

“ჩატაევის დაჯგუფების საქმე”

რამდენიმეტომიან საქმეს,  რომელსაც სასამართლო თებერვლიდან განიხილავს, არაერთი ბრალდებული ჰყავს:  თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებული და მოკლული პირები, მათ შორის ახმედ ჩატაევი ; პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულები და თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც დაკავებისას თავში დაჭრეს და 10 იანვარს გარდაიცვალა; საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული  ზურაბ იდოიძე კი 9 იანვარს დააკავეს.

საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, რომლის მტკიცებით  2017 წლის 21–22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლული და დაკავებული პირების მიზანი თურქეთსა და საქართველოში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები იყო.   სუსის მტკიცებით, 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში დაკავებულები, მათ შორის მაჩალიკაშვილი, ახმედ ჩატაევს დაეხმარნენ, საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოელახათ, ასევე, დაეხმარნენ მათ ბინისა და იარაღის მოძიებაში.

ამ საქმეზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323-ე პრიმა მუხლით და 328-ე მუხლით, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია. ასევე 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი