ახალი ამბები

უამინდობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 400-ზე მეტი შეტყობინება მიიღო

10 იანვარი, 2018 • 1732
უამინდობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 400-ზე მეტი შეტყობინება მიიღო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უამინდობის გამო ოპერატიული მართვის ცენტრში, 24 საათის განმავლობაში 400-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შიდა ქართლის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორცილებდნენ.  ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა თბილისში, რუსთავში, ხაშურში, სურამში, თელავსა და გურჯაანში. მაშველებმა დახმარება აღმოუჩინეს გვიან ღამით, დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე ჩარჩენილ მოქალაქეებსაც”,- ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქარის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან თბილისშიც. თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გამგებლებს თბილისის სხვადასხვა რაიონში ძლიერი ქარის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შესწავლა დაავალა:

“ვიცი, რომ მთელი ღამის განმავლობაში გამგეობის ყველა თანამშრომელი და თქვენც -გამგებლები, პროცესში აქტიურად იყავით ჩართული. საცხოვრებელ სახლებზე სახურავებია გადახდილი. მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ ყველა დაზიანება და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. ასევე, უმოკლეს დროში შემუშავდეს კონკრეტული გეგმები, რომ ის პროექტები განხორციელდეს, რაც გასაკეთებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი