ახალი ამბები

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს

10 იანვარი, 2018 • 1611
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს

ზურაბ იდოიძეს, რომელიც ახმეტაში 9 იანვარს დააკავეს და სამართალდამცავები ჩატაევთან კავშირში ადანაშაულებენ, ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დაკავებულის ადვოკატმა დავით მოდებაძემ განუცხადა, რომელმაც უკვე მოინახულა იდოიძე.

ადვოკატის თქმით, იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მისი თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და არ აღენიშნება ძალადობის კვალი.

ადვოკატმა დილის 10.00 საათზე დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა, სადაც ღამე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც დაკავებულს შეხვდა.

ზურაბ იდოიძე ახმეტაში 9 იანვარს დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, დაკავებული ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად და ახმედ ჩატაევი და  მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე”.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს ,რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი