მირზა შაფის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტეს

ძველ თბილისში, მირზა შაფის ქუჩაზე დღეს მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა და სასტუმროს მშენებლობის გამო კლდის ჭრა და ისტორიული უბნის დამახინჯება გააპროტესტეს. 

ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, თბილისის უნიკალურობა მის ლანდშაფტშია, რომელზეც არქიტექტურაა მორგებული, ახალი ტენდენციით კი ლანდშაfტს არგებენ არქიტექტურას, ხოლო ამისთვის კლდეს ჭრიან, რაც მიუღებელია.

“ასევე არ ვიცით, რა პროექტი შენდება, რადგან აქ მხოლოდ რენდერებია გამოკრული და ჩვენ ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს, რომ კომპიუტერულ გრაფიკაზე ერთია გამოსახული და რომ აშენდება, აბსოლიტურად სხვას ვიღებთ. ამ აქციის შედეგი დღეს არის, რომ ვინც არიან მშენებლები, აქამდე ვიცოდით, რომ უბრალოდ ებრაული კომპანია იყო, გამოჩნდნენ და შევთახმდით, რომ ზეგ შევხვდებით და ჩემი თხოვნაც იყო და მოთხოვნაც, რომ გვაჩვენონ არა რენდერები, არამედ პროექტი.” – განაცხადა მან ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, როდესაც პროექტს გაეცნობიან, დააფიქსირებენ, რა არის მისაღები და რა მიუღებელი, თუმცა, მისი აზრით, ასეთი ღირებული ადგილი თბილისში არ არსებობს, ამიტომ კლდის ჭრა ყოვლად მიუღებელია.

“პირველ რიგში, მინდოდა, ჩემი თვალი მენახა, რა ხდებოდა აქ.  როგორ იჭრება კლდე. თბილისის ისტორიულ უბნებში  ასე უხეშად ჩარევა არ შეიძლება”, – განაცხადა კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა მირზა შაფის ქუჩაზე.

მირზა შაფის ქუჩის პროექტთან დაკავშირებით მოქალაქეების ჯგუფი უახლოეს ხანში სხვადასხვა სახის აქტივობას გეგმავს.

სასტუმროს მშენებლობის დაწყების ცერემონიალი 18 დეკემბერს გაიმართა. მას თბილისის მერი კახი კალაძე, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩიგოვაძე დაესწრნენ.

მირზა შაფის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ოქროპირიძე


ავტორი: დათო ოქროპირიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი