თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილი გორისა და გლდანის დატა ცენტრებში წილს არ ფლობს

თანაინვესტირების ფონდი აცხადებს, რომ არც ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიები,  გორისა და  გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ.

ამის თაობაზე განცხადება თანაინვესტირების ფონდმა 9 იანვარს გაავრცელა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირზე  მონაცემთა ცენტრებთან, რომლებიც ციფრულ ვალუტას გამოიმუშავებენ.

“2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასესხო დაფინანსებით უზრუნველყო. Bitfury-ის საქართველოში შემოსვლამ  ხელი შეუწყო ქვეყანაში  მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და  საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია.

აღნიშნული სესხი  კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად, გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და  გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ”, – აცხადებს თანაინვესტირების ფონდი.

თანაინვესტირების ფონდი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, გავრცელებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია:

“ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არცერთი პოლიტიკოსი არ დაკავშირებია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ წმინდა პოლიტიკურ მოტივებს.  მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს  და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე”.

ამავე თემაზე: საქართველო – საგადასახადო სამოთხე “ბიტფურისთვის”


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი