ახალი ამბები

სუს-მა ახმედ ჩატაევთან კავშირის გამო ახმეტაში კიდევ ერთი პირი დააკავა

9 იანვარი, 2018 • 2039
სუს-მა ახმედ ჩატაევთან კავშირის გამო ახმეტაში კიდევ ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს, 9 იანვარს, ახმეტაში საქართველოს მოქალაქე ზურაბ იდოიძე დააკავეს. სუს-ის ინფორმაციითვე, სოფელ ომალოში, მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

“გამოძიების ამ ეტაპზე  დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილთან  ერთად ახმედ ჩატაევი და  მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი  დროებითი საცხოვრებელი ბინიდან  მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე”,- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს ,რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოვლენების ქრონოლოგია მოკლედ:

  • 26 დეკემბერი: პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად  დააკავეს 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი,  რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი;
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი