ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

მუჰაჯირთა რეპატრიაციის ილუზიები

11 იანვარი, 2018 • 4161
მუჰაჯირთა რეპატრიაციის ილუზიები

გაზეთი “დროება” 1878 წელს, ორშაბათის გარდა, ყოველდღე გამოდიოდა. საინფორმაციო ბადე დალაგებული იყო პრინციპით – ამბები საქართველოდან, რუსეთიდან, ოსმალეთიდან და ევროპიდან. გაზეთის რედაქტორი, სერგეი მესხი, ცდილობდა საზოგადოებისათვის მიეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც მათ ყოველდღიურ ყოფას განსაზღვრავდა. ამ დროისათვის ევრაზიის კონტინენტზე რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი მძვინვარებდა. საბრძოლო მოქმედებების თეატრის ნაწილი დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა. “დროება” მისი კორესპონდენტების საშუალებით უახლეს ინფორმაციას აწვდიდა მკითხველს.

მიუხედავად განსხვავებული და მრავალფეროვანი ამბებისა, საგრძნობი იყო, რომ გაზეთის რედაქტორისა და კორესპონდენტების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენდა ორი რამ; 1) ვის დარჩებოდა ქალაქი ბათუმი ომის შემდეგ, 2) რა ელოდათ ამ ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანებს.

ომის დასრულების შემდგომ ქართულმა (და არა საქართველოს) საზოგადოებამ დიდი ზარზეიმით უმასპინძლა ოსმალოს საქართველოს ქართველებს სადილზე, რათა „სხვით თუ არაფრით, ერთად, ძმურად პურის-ჭამით, საზოგადო სუფრაზე ამთავით მაინც დამუტკიცონ მათ თავისანთი თანაგრძნობა და სიყვარული“.
გამარჯვებული რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა ქალაქი ბათუმი.

აჭარისა და აფხაზეთის მოსახლეობაში მიგრაციული განწყობები კვლავ გააქტიურდა. ოსმალეთის იმპერია ხელს უწყობდა მაჰმადიანი მოსახლეობის გადასახლებას ოსმალეთში. ამის წინააღმდეგი არც რუსეთის იმპერია ყოფილა. თბილისში არსებული ქართული ელიტა კი განგაშის ზარებს სცემდა. მათთვის მიუღებელი იყო აჭარა აჭარლების გარეშე, იწერებოდა სტატიები, რომლებიც საზოგადოებას სამუსლიმანო საქართველოში მცხოვრები ადამიანების მიმართ ყურადღებისაკენ მოუწოდებდა.

„მუჰაჯირობა ნიშნავს მას, რომ ჩაეწერონ იმ სიაში, რომელთაც სურთ გადასახლება ოსმალეთში“ – ასე განმარტავდა ამ მოვლენას იგივე გაზეთი “დროება”. აჭარიდან დაწყებული მიგრაციის ამ პროცესის გამო საზოგადოებაში განსაკუთრებული შფოთვა და ყურადღება იგრძნობოდა:

„ჩვენ არ გვმართებს, მგონია, ასე პირღია შეჩერება – თუ როგორ დაიცლება ხალხისაგან ეს მდიდარი და მშვენიერი ნაწილი საქართველოისა“ – მსგავსი შეფასებები ხშირად გვხვდება სწორედ აჭარის მუჰაჯირობასა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთში მომხდარ იმავე პროცესს (პირველი ტალღა მუჰაჯირებისა კავკასიური ომების დასრულებისთანავე, 1867 წელს გადასახლდა) უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობოდა და ცნობებიც უფრო ფრაგმენტული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციული ტალღა აქაც ძალიან საგულისხმო იყო. ამ მხრივ გამოირჩეოდა გიორგი წერეთლის სტატიები, რომელსაც ის იმპერიის ცენტრში, პეტერბურგში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ „გოლოსში“ აქვეყნებდა.

გაზეთ “კავკაზის” ცნობით, 1878 წელს, ომიანობის დროს სოხუმის მაზრიდან სულ 31 964 ადამიანი გადასახლდა, ხოლო 43 735 ადგილზე დარჩა. ამ ინფორმაციის მიხედვით, მთელი მოსახლეობის 42 %-მა დატოვა საკუთარი მიწა-წყალი. ადგილები გაუკაცრიელდა, სახლ-კარი გაპარტახდა, მიტოვებული საქონელი კი თავისუფლად დაიარებოდა მაშინდელი სოხუმის ოკრუგში.

ერთი შეხედვით, საუკუნის წინანდელი ამბები შეიძლება წარსულის ნაწილი გამხდარიყო, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე თვისობრივად სხვა რეალობა ჩამოყალიბებულიყო. დაწყებულიყო ნაციონლური თვითგამორკვევის პროცესი, სხვადასხვა მიზეზითა თუ მიზნით ეთნოსების მიგრაცია მომხდარიყო. აფხაზეთი საბჭოთა ტურისტებისთვის ერთგვარი ოცნების სანაპირო გამხდარიყო.

1989 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური კომპოზიცია განსხვავებულია მუჰაჯირობის დროინდელისგან; მოსახლეობის 45.70 % ქართველია იყო, აფხაზები- 17.70 %-ს, სომხები- 14.60 %-ს, რუსები- 14.30%-ს, სხვა ერები კი 7.70 %-ს შეადგენდნენ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მიგრაცია 350 000-ზე მეტ ადამიანს, ძირითადად ეთნიკურ ქართველს შეეხო.

ომის შემდგომ აფახაზეთში სულ უფრო ინტერნსიურად ისმებოდა მუჰაჯირობის დროს წასული აფხაზების რეპატრიაციის საკითხი. ამას არც ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები მალავენ. ისინი ამ ნაბიჯით ცდილობენ ეთნიკური აფხაზების მობილიზაციასა და გაერთიანებას სოხუმის ირგვლივ, რომელიც დემოგრაფიულ პროლემების გადაჭრასთან ერთად, ეკონომიკური აქტივობის მომტანი იქნება აფხაზეთისთვის.

მუჰაჯირების შთამომავლები ძირითადად სახლობენ დღევანდელი თურქეთის, ასევე, მცირედ- ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე. „ისტორიულ სამშობლოში“ საცხოვრებლად დაბრუნების სურვილი ბევრს არ აღმოაჩნდა. სიტუაცია სიირის კონფლიქტთან ერთად შეიცვალა. ომის დაწყებისთანავე რამდენიმე ხმაურიანი აქცია მოეწყო საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზეც. 2013 წელს „ისტორიულ სამშობლოში რეპატრირებული“ რამდენიმე ასეული ადამიანი დიდი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა.

საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პოლიტიკური დღის წესრიგის და სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ლინგუა ფრანკად რუსული გაიხადეს. ისინი თვისობრივად სხვა გარემოში ცხოვრობდნენ და მათი ნაციონალური იდენტობაც ძლიერ განსხვავებულია მათგან, ვინც მე-19 საუკუნეში გადასახლდა ოსმალეთის იმპერიაში.

ისინი „განსხვავებული“ აფხაზები არიან. პრიმიტიული იქნება, თუ ვიტყვით, რომ დღევანდელ აფხაზეთის ხელისუფლთ არ ესმით ეს პრობლემა და ბოლომდე ვერ იაზრებენ მას. არც ის იქნება სარწმუნო, თუ განვაცხადებთ, რომ მათ არ იციან რეპატრიაციასთნ დაკავშირებული ხარჯების შესახებ. აფხაზეთს, დღევანდელი მისი ეკონომიკური რესურსიდან გამომდინარე, არც ამ მცირე ადამიანთა ჯგუფის ინტეგრაციისათვის გააჩნია ფინანსური საშუალება. მაშინ რატომ ხდება ამ იდეის აფიშირება და მუდმივი აპელირება? რასთან გვაქვს საქმე?

უპირველესად აფხაზებისათვის მუჰაჯირობა არის კოლექტიური ტრავმული მეხსიერების ნაწილი, რომელიც აფხაზეთის სიდიადისა და ამ ტერიტორიაზე კონკრეტული ეთნოსის რაოდენობრივი დომინაციის ილუზიას ქმნის. ეკონომიკური სიდუხჭირისა და ნაკლებ პერსპექტიულობის ფონზე მარტივია შექმნა ილუზია, რომ „ისტორიულ სამშობლოში“ საცხოვრებლად მოისწრაფვიან „შენი მოძმეები“. ეს დაახლოებით ქართველთა შორის დომინანტურ ლოზუნგს ჰგავს – ჩვენ დავბრუნდებით! მაგრამ როდის? როგორ? ვისთან ერთად? პასუხგაუცემელი რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი