ახალი ამბები

მკვლელობის ბრალდებით ერთი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი 5 პირი დააკავეს

9 იანვარი, 2018 • 2012
მკვლელობის ბრალდებით ერთი, დანაშაულის  შეუტყობინებლობისთვის კი 5 პირი დააკავეს

შსს-მ თბილისში 29 დეკემბერს მომხდარი მკვლელობა გახსნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით – ერთი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი – ხუთი პირია დაკავებული.

შსს-ს ცნობით, 2017 წლის 29 დეკემბერს 26 წლის  ბრალდებულმა 19 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობები დანისა და ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი მტკვარში გადააგდო. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულებს კი – 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისათვის სამართალდამცავებთან ითანამშრომლონ.

“სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს შეესწრო პირთა ფართო წრე, არცერთმა მათგანმა 8 დღის განმავლობაში  არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ სამართალდამცავებს ორგანოებს, რათა დანაშაულის გახსნა კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელდეს”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა 9 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

თბილისში, მტკვრის პირას გარდაცვლილი მამაკაცი სამართალდამცავებმა გუშინ, 8 იანვარს იპოვეს. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, მამაკაცს ოჯახი ერთ კვირაზე მეტხანს ეძებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი