პრეზიდენტი და პრემიერი ამერიკულ ხომალდზე იმყოფებიან

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის პორტში შემოსულ ამერიკულ სამხედრო ხომალდ “BULKELEY”–ს ესტუმრნენ.

პრემიერ–მინისტრი ხომალდზე ოჯახთან ერთად მივიდა, ხომალდზე ოჯახთან ერთად იმყოფებიან ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი გიგია ბოკერია.  “BULKELEY“–ზე ასევე იმყოფებიან აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკძე, სხვადასხვა სამხედრო მაღალჩინოსნები და აჭარის ავტონომიური მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე. 

 

ხომალდი ბათუმის პორტში გუშინ, 10 აგვისტოს შევიდა, რის შემდეგაც ამერიკელი სტუმრები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორს, პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილს, სანაპირო დაცვის დაპარტამენტის დირექტორს, მე-2 რანგის კაპიტან ლაშა ხარაბაძეს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

 

დღეს კი, აშშ–ის ხომალდმა „BULKELEY“–მ და საქართველოს სანაპირო დაცვის ორმა კატარღამ ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც  ამერიკელმა სტუმრებმა ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლეს.

 

12 აგვისტოს იგეგმება სპორტული ღონისძიებები. საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებსა და აშშ–ის გემის ეკიპაჟის წევრებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.

 

13 აგვისტოს ბათუმის ნავსადგურში დაგეგმილია პერსონალის გაცვლა, ერთობლივი საზღვაო წვრთნები, რომელშიც სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად მცურავი საშუალებებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

აშშ-ის ხომალდი “BULKELEY” საქართველოს საზღვაო სივრცეს 13 აგვისტოს, წვრთნების დასრულების შემდეგ დატოვებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


netgazeti.ge