ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

მხატვარი სოხუმიდან და მისი ზღვის პეიზაჟები

9 იანვარი, 2018 • 6008
მხატვარი სოხუმიდან და მისი ზღვის პეიზაჟები

ეკატერინე გუსკოვა 30 წლისაა, სახელი კი უკვე გაითქვა და ცნობილ აფხაზ მხატვრად ითვლება. მისი ნახატები აფხაზი ხელოვნების მოყვარულთა კოლექციებშია.  2017 წელს აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრი გახდა. სოხუმში რამდენიმე პერსონალური გამოფენა აქვს გამართული.

ეკატერინე გუსკოვას სახელოსნოში ბევრი სინათლე და ლურჯი ფერია. წლების წინ ამ სახელოსნოში საქათმე იყო. დღეს კი აქ მუშაობს და თავისუფალ დროსაც აქ ატარებს.
ამჟამად დიდ ტილოზე მუშაობს, თუმცა თემა საიდუმლოა.

მისი ერთ-ერთი საყვარელი თემა ზღვაა. მხატვარი ძირითადად ხატავს თოლიებს, ვარდისფერ აისს და გემებს.

“სერიებს ვხატავ. სოხუმის შენობების სახურავებისა და ძველი ქალაქის ქუჩების ნახატების სერიაც მქონდა გამოფენილი”.

არც ისე დიდი ხნის წინ ერევანში კერძო გალერეის გამოფენაში მონაწილეობდა, თუმცა, როგორც მხატვარს აფხაზეთიდან, პრობლემა შეექმნა.

“ჩემი შესაძლებლობებით ჩავედი სომხეთში, ჩავიტანე ნახატები, ბევრი ძალისხმევა და ფული დავხარჯე. უშუალოდ გამოფენის წინ კი ორგანიზატორებმა შემატყობინეს, რომ კატალოგი თავიდან უნდა დაებეჭდათ, რადგან იქ ჩემი წარმომავლობის ქვეყნა არასწორად ეწერა. სომხეთში საქართველოს საელჩოს მოთხოვნით, აფხაზეთის ნაცვლად საქართველო უნდა დაეწერათ, ან უკიდურეს შემთხვევაში- რუსეთი, რადგან რუსული გვარი მაქვს, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე. მე აფხაზეთში დავიბადე, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, აფხაზეთში გავხდი მხატვარი”.

საბოლოოდ, გადაწყვიტა, რომ კატალოგში საერთოდ არ ჩაწერდნენ, საიდან იყო.

“თუმცა ისე მოხდა, რომ გამოფენის დროს ბევრს დაინტერესდა, რატომ არ იყო მითითებული ჩემი ქვეყანა და ყველასთვის მომიწია ახსნა, რა მოხდა. ეს გამოფენის გახსნაზეც მოვყევი. ამ ისტორიის გამო ჩემი ნახატებით უფრო მეტი დამთვალიერებელი დაინტერესდა, სხვა მხატვრებზე მეტი ყურადღება მხვდა და საერთო ჯამში, ამ ინციდენტმა უკეთესი შედეგი გამოიღო”.

კითხვაზე, რამდენად შეუძლიათ დღეს მხატვრებს აფხაზეთში თავის რჩენა და რამდენად მოთხოვნადია მათი ნამუშევრები საზოგადოებაში, ამბობს, რომ მისი შემოსავალი დღეს იმდენია, რომ ფინანსურად თავს დამოუკიდებლად გრძნობს.

მხატვარი პარალელურად სოხუმის ხელოვნების სკოლაში ბავშვებს მხატვრობას ასწავლის.

“ის ბავშვებიც კი, ვისაც განსაკუთრებული ნიჭი არ აქვთ, რაღაც სარგებელს იღებენ გაკვეთილებიდან, ვითარდებიან, მოთმინებას სწავლობენ და ფერის შეგრძნებაც უვითარდებათ”.

ინტერიერის საგნების დამზადება მისი მეორადი პროფესიაა. ამზადებს ზარდახშებს, ლანგრებს და სხვა ნივთებს. ამბობს რომ ავეჯის რესტავრაციაზე ოცნებობს.

“იმისთვის, რომ ახალი სიცოცხლე მიეცეს ავეჯს, ახალი ცოდნაა საჭირო. მე კი უბრალოდ მხატვარი ვარ, მაგრამ უკვე დავიწყე ახალი საღებავებითა და ფერებით მუშაობა, შესაძლოა, ოდესმე, რესტავრაციითაც დავკავდე”.

“გასაღების ჩამოსაკიდები გავაკეთე. საშობაო ბაზრობაზე კარგად გაიყიდა. მომავალშიც გავაგრძელებ ინტერიერის საგნების დამზადებას. უკვე შეკვეთებიც მივიღე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი