ახალი ამბები

სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე პრეზიდენტი თანამშრომლებს წარადგენს:კობახიძე

8 იანვარი, 2018 • 3274
სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე პრეზიდენტი თანამშრომლებს წარადგენს:კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძის დანიშვნის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელ თანამდებობაზე თავისი თანამშრომლების დანიშვნა  სამწუხარო მოვლენაა :

“სამწუხარო მოვლენაა ზოგადად ის, რომ იმ თანამდებობაზე, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ თანამდებობებს, ეს არის საკონსტიტუციო  სასამართლოს წევრის თანამდებობა ან უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობა, იგივე ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პრეზიდენტი რეგულარულად წარადგენს თავის თანამშრომლებს. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია . დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 8 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე წარადგინა. თავის განცხადებაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზის პრობლემურობას. მარგველაშვილის თქმით, სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნული ბაზა ბოლომდე ეფექტური გახდეს, ის დოლიძის კანდიდატურას წარადგენს.

“…არაერთხელ აღგვინიშნავს იმის თაობაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ დასახვეწია. იმაზეც გაგვისვამს ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს, ესეც გასაკეთებელია. თუმცა არაერთხელ აღმინიშნავს იმის თაობაზეც, რომ მარტო საკანონმდებლო ბაზა, განსაკუთრებით ისეთი ფაქიზი სისტემა, როგორიც სასამართლოა, ვერ უზრუნველყოფს თვისობრივად ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.

…სწორედ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილება, დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ქალბატონი ანა დოლიძე, არის გამაგრებული იმით, რაზეც ორი წუთის წინ ვილაპარაკე: პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ღირებულებებისადმი ერთგულებით და ამ ყველაფრით არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში, რა დროსაც ქალბატონი ანა ამტკიცებდა თავის უნარს, იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და უზენაესი ღირებულებების ერთგული იურისტი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ანა დოლიძე ამ დრომდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული მოვალეობის შესრულებას ის 2016 წლის ივნისიდან შეუდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი