შსს: ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს ბალანსი ჰუმანურობასა და წახალისების აღკვეთას შორის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის თქმით, ნარკოდანაშაულის არსებული სტატისტიკა და ფაქტები ცალსახად მიუთითებს, რომ ამ პრობლემის მოგვარების დროში გახანგრძლივება რეალობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნარკოპოლიტიკა კომპლექსური თემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ დაჭერა/ა დაჭერა. ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ დღეს, 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქიმიური ნარკოტიკების გაზრდილი მოხმარება და ე.წ. „ბიოსგან“ გამოწვეული ზიანი, რაც სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

ნინო ჯავახაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიქმნა ახალი რეალობა, რაც ფაქტობრივად, მარიხუანის ნაწილში დეკრიმინალიზაციას გულისხმობს.

“როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიქმნა ახალი რეალობა, რაც ფაქტობრივად გულისხმობს მარიხუანის ნაწილში დეკრიმინალიზაციას. შესაბამისად, ეს სფერო საჭიროებს შესაბამის საკანონდებლო მოწესრიგებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ნარკოპოლიტიკის მოწესრიგების საკითხებზე, რომლის საბოლოო მიზანია, ეს პოლიტიკა გახდეს უფრო ეფექტიანი. ამ საკითხზე მომდევნო დღეებში შინაგან საქმეთა მინისტრი დამატებით განცხადებას გააკეთებს“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

  • 7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა საშობაო ეპისოლეში განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს “დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით” .  გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობის და სასკოლო ასაკიდან ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.
  • პატრიარქის ეპისტოლეს პრეზიდენტი გამოეხმაურა, მისი თქმით, ეპისტოლე მისთვის ” არის, რანაირად შეიძლება გააძლიეროს პოლიტიკოსმა სკოლები, საბავშვო ბაღები, სოციალური დახმარება ოჯახისთვის და უფრო ლმობიერი გახადოს ნარკოპოლიტიკა”.
  • საშობაო ეპისტოლეზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკაზე გაკეთებული განცხადებები პარლამენტისთვის ყურადსაღები იქნება.
  • ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკაზე გაკეთებულ განცხადებებს თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა. როგორც კალაძე აცხადებს, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com