ახალი ამბები

ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის შესახებ განცხადებები ემთხვევა მთავრობის გეგმებს : თეა წულუკიანი

8 იანვარი, 2018 • 1738
ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის შესახებ განცხადებები ემთხვევა მთავრობის გეგმებს : თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავრობის გეგმები სრულიად ემთხვევა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში აღნიშნულ ცალსახა განცხადებებს :

“პატრიარქის ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის სასურველი მიმართულებების შესახებ მინიშნებები თუ ცალსახა განცხადებები პირდაპირ ემთხვევა იმ გეგმებს, რაც ჩვენს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს და ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყებათაშორის საბჭოს ჰქონდა და აქვს 2013 წლიდან ” – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის მხრივ წინსვლა დაიწყოს, აუცილებელია შექიმნას რეაბილიტაციის ევროპული სისტემა, რის გარეშეც უიმედოა მიღებული კანონის ქმედითუნარიანობაზე საუბარი.

“უნდა შეიქმნას  ჩვენს ქვეყანაში რეაბილიტაციის სისტემა ნამდვილი, ევროპული სტილის, რომელიც დღეს არ გვაქვს. ამ ყველაფერის გარეშე, რა თქმა უნდა, ძნელია ვისაუბროთ დაბალანსებულ ნარკოპოლიტიკაზე. ძნელია გვქონდეს იმედი, რომ რომელიმე ნაჩქარევად მიღებული კანონი რაიმე შედეგს მოიტანს და არ იქნება პირიქით –  წამქეზებელი ეფექტის” – განმარტა იუსტიციის მინისტრმა.

  • 7 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა საშობაო ეპისოლეში განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს “დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით” .  გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობის და სასკოლო ასაკიდან ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.
  • პატრიარქის ეპისტოლეს პრეზიდენტი გამოეხმაურა, მისი თქმით, ეპისტოლე მისთვის ” არის, რანაირად შეიძლება გააძლიეროს პოლიტიკოსმა სკოლები, საბავშვო ბაღები, სოციალური დახმარება ოჯახისთვის და უფრო ლმობიერი გახადოს ნარკოპოლიტიკა”.
  • საშობაო ეპისტოლეზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკაზე გაკეთებული განცხადებები პარლამენტისთვის ყურადსაღები იქნება.
  • ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკაზე გაკეთებულ განცხადებებს თბილისის მერი კახა კალაძეც გამოეხმაურა. როგორც კალაძე აცხადებს, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა მიდიოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი