ახალი ამბები

მარგველაშვილმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად წარადგინა

8 იანვარი, 2018 • 3370
მარგველაშვილმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე წარადგინა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ საკუთარ რეზიდენციაში გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა დოლიძის წარდგენისას საქართველოს მართლმსაჯულების ხარვეზების შესახებ ისაუბრა.  მისი თქმით, მართლმსაჯულების დღეს არსებული სისტემის ეფექტიანობა საზოგადოებაში კითხვებს ბადებს, მაშინ, როცა აღნიშნული სისტემა სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია.  მარგველაშვილის განცხადებით, ამ კუთხით მოსაწესრიგებელია საკანონმდებლო ბაზა, თუმცა აგრეთვე მნიშვნელოვანია  პროფესიონალი კადრებით მისი დაკომპლექტება.

“…არაერთხელ აღგვინიშნავს იმის თაობაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ დასახვეწია. იმაზეც გაგვისვამს ხაზი, რომ იუსტიციის უმაღლესი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს, ესეც გასაკეთებელია. თუმცა არაერთხელ აღმინიშნავს იმის თაობაზეც, რომ მარტო საკანონმდებლო ბაზით, განსაკუთრებით ისეთი ფაქიზი სისტემა, როგორიც სასამართლოა, ვერ უზრუნველყოფს თვისობრივად ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.

…სწორედ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილება, დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ქალბატონი ანა დოლიძე, არის გამაგრებული იმით, რაზეც ორი წუთის წინ ვილაპარაკე: პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ღირებულებებისადმი ერთგულებით და ამ ყველაფრით არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში, რა დროსაც ქალბატონი ანა ამტკიცებდა თავის უნარს, იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და უზენაესი ღირებულებების ერთგული იურისტი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ანა დოლიძემ პრეზიდენტს თანამშრომლობისა და წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა და მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის პრიორიტეტებზე ისაუბრა. დოლიძის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სასამართლო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება იქნება:

“სასამართლო ხელისუფლების ფუნქციაა ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მხრივ ჩვენი ბევრი მოქალაქე ყოველდღე ელოდება განაჩენს ჩვენი სასამართლოებიდან და ეს ლოდინი ხშირად თვეები და წლები გრძლედება. საქმეთა გაჭიანურება არის დიდი სისტემური პრობლემა, რომელსაც ყველა მოქალაქე, რომელსაც შეხება ჰქონია სასამართლოსთან, თავის თავზე განიცდის. აქედან გამომდინარე, ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, სასამართლომ გასწიოს ისეთი მომსახურება, რომელიც იქნება დროული და ხარისხიანი”.

ანა დოლიძე ამ დრომდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული მოვალეობის შესრულებას ის 2016 წლის ივნისიდან შეუდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი