ახალი ამბები

პრეზიდენტი პატრიარქის ეპისტოლეზე: ვიფიქროთ, როგორ გავხადოთ ადამიანური ნარკოპოლიტიკა

7 იანვარი, 2018 • 2811
პრეზიდენტი პატრიარქის ეპისტოლეზე: ვიფიქროთ, როგორ გავხადოთ ადამიანური ნარკოპოლიტიკა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პატრიარქის ეპისტოლე არის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახადოს პოლიტიკოსმა ნარკოპოლიტიკა უფრო ლმობიერი:

“ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც ეხება ნარკოპოლიტიკას და მე არაერთხელ გამისვამს ამისთვის ხაზი, რომ ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დასჯა და იძულება წლების, ათწლეულების მანძილზე უკეთეს შედეგს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე – იქნებ, ჯობია, სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ შევამსუბუქოთ და ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა”,- განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი მარგველაშვილი ეპისტოლეს იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც ილია მეორე ოჯახის სიძლიერეზე საუბრობს;

“რანაირად ითარგმნება პოლიტიკოსისთვის ოჯახის სიძლიერე – ბუნებრივია, ეს ითარგმნება იმ თვალსაზრისით, რანაირად შემიძლია მე, როგორც პოლიტიკოსმა, გავაძლიერო სკოლები, გავაძლიერო უნივერსიტეტები, გავაძლიერო საბავშვო ბაღები და ის სოციალური სერვისები, რაც ოჯახს შეუწყობს ხელს, იყოს უფრო წელში გამართული. ასე ვკითხულობ მე ამ საკითხს. […] ასე რომ, დღევანდელი ეპისტოლე ჩემთვის არის, რანაირად შეიძლება გააძლიეროს პოლიტიკოსმა სკოლები, საბავშვო ბაღები, სოციალური დახმარება ოჯახისთვის და უფრო ლმობიერი გახადოს ნარკოპოლიტიკა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა 2018 წლის საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ილია მეორის განცხადებით, უნდა შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს ნარკოტიკისაგან დაიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი